გრიგოლ რობაქიძის "ქართული რენესანსი"
12:02:36     23-04-2011
პრესა.ჯე-ს მკითხველებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, ვთავაზობთ ქართული საზოგადოებისთვის გრიგოლ რობაქიძის თითქმის უცნობ წერილს, ამ წერილში დასმული საკითხები დღესაც აქტუალურია. დიდი ქართველი მწერალი დარწმუნებული იყო, რომ XX საუკუნე მოუტანდა ჩვენს სამშობლოს აღორძინებას, ახალ ქართულ რენესანსს. მისი იმედი დიდი მწერლის დიდი ინტუიციისა და საქართველოს მარადიულობის პროფეტული რწმენიდან იყო გამომდინარე.
გრიგოლ რობაქიძე, მხოლოდ დროში შეცდა და ისიც ნაწილობრივ. მართალია, სახელმწიფოებრივად ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, იმ პერიოდში, დაგვიპყრეს, მაგრამ, რაღაც მარცვალი სახელმწიფოებრიობისა მაინც გვქონდა. რაც შეეხება კულტურულ რენესანსს, აქ კი ნამდვილად მართალი გამოდგა დიდი პატრიოტი. მეოცე საუკუნემ მართლაც შვა ქართული რენესანსი შემოქმედებაში.
მწერლობაში: გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვები. პოეზიაში: გალაკტიონი, ტიციანი, პაოლო, ვალერიანი, გიგლა, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი და სხვები. ქანდაკებაში: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვები. მხატვრობაში: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ავთანდილ ვარაზი, დავით კაკაბაძე და სხვები. თეატრში: კოტე მარჯანიშვილი, თემურ ჩხეიძე და სხვები. კინემატოგრაფში: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე და სხვები. ასევე დიდი მსახიობები, დიდი მომღერლები, მუსიკოსები... (ბევრი გამომრჩა და მაპატიეთ).
ამდენი დიდი შემოქმედის დასახელება ბევრ ერს გაუჭირდება მთელი თავისი არსებობის მანძილზე. აქვე გავიხსენოთ დიდი ქართველი სპორტსმენები.
მოკლედ, გრიგოლ რობაქიძის წინამდებარე წერილი, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, არა მარტო როგორც ისტორიული დოკუმენტი თუ მწერლის ნააზრევი. ამ წერილში მოცემულია, აღნიშნულია ის ასპექტები, რომლებიც იქნება განმაპირობებელი ქართული რენესანსისა. ასევე წინამდებარე წერილში მკითხველი იპოვის დარიგებებს, რომლებსაც ქართველმა შემოქმედმა (საერთოდ, საზოგადოებამ და მოქალაქემ) ანგარიში უნდა გაუწიოს და უნდა გაითვალისწინოს და პრობლემებს, რომლებიც ჩვენ წინ კვლავ დგას და უნდა გადავლახოთ.
ქართული რენესანსი
XX საუკუნე საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი უღელტეხილით დაიწყო: ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის “მტკიცება” ჯერჯერობით მეტად საძნელოა: ახლა მისი “შეგრძნობა” თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება.
ქართული რენესანსის ჩასახვის მისტიური სიმბოლო წიწამურის ველია; ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედარი, ხოლო სისხლით შესვრილ ხელს რომ დახედა, მკვლელმა საქართველოს სახე დაინახა. ილია ჭავჭავაძე მსხვერპლია, შეუცნობლად შეწირული. მგონი არასოდეს ისე მძაფრად არ უგრძვნია ქართველს საქართველო, როგორც ამ ტრაგიკულ წამს. უკანასკნელ წვეთამდე რისამე გრძნობა კი მისი შესაძლო სხეულის კვეთილობას უდრის. ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ისახება ქართული რენესანსი.
ხსენებული რენესანსი XX საუკუნემ უნდა განამტკიცოს. ამ საუკუნეში საქართველო ან სრულიად მოისპობა ანდა აყვავდება მსოფლიურად. მოსალოდნელი უფრო მეორეა. ქართული რენესანსის საწინააღმდეგოდ რამოდენომე სიძნელე იმართება. საქართველოს ისტორიის საქმეა სძლიოს ეს სიძნელეები. ძლევისათვის მათი შეცნობაა საჭირო. პირველი სიძნელე უფრო ანთროპოლოგიური ხასიათისაა. ცნობილია, რომ არცერთი ხალხი იმთავითვე ერთიან ეროვნულ პლაზმად არ ჩამოსხმულა: ჯერ მრავალი სხვადასხვა ხალხოსნური თესლი და შემდგომ მათ შორის გამართული ბრძოლის მიერ წარმოშობილი ერთიანი პლაზმი. - აი, მარტივი ხაზი ხალხის ჩამოყალიბებისა. მაგალითი: ბერძნები, ფრანგები, რუსები.
მეტად საინტერესოა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა საქართველოს ისტორიაში ასეთი განსხეულება. მარტო იჭვიც კი საპრობლემოდ ხდის ამ საკითხს. ჩვენ ვიცით მრავალი ნათესავი თესლი, რომელიც ორგანულად შედუღდა ვითომ. ამას გვასწავლის საქართველოს ისტორია. მაგრამ ძალზედ გვაფიქრებს ეს “ვითომ” და მართლაც, ხანდახან იჭვიც იბადება, როცა ფიქრი ამ სახის შედუღებას უვლის გარს. ჩვენში საშინელი სიმძაფრით იჩენს თავს თემური პარტიკულარიზმი: იმერელი, ქართლელი, კახელი, გურული, მეგრელი და სხვა. ერთი ხის შტოა ყოველი მათგანი. ეს ერთგვარი მრავალფეროვნებაა, მდიდარი სახესხვაობაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენში არსებული პარტიკულარიზმი დამაფიქრებელია მეტად.
მეორე სიძნელე სახელმწიფო ყალიბს ეხება.
ჩვენმა ისტორიამ არ იცის სასტიკი აბსოლუტიზმი, როგორც ერთ-ერთი ისტორიული საფეხური აუცილებელიც არის და საჭიროც. ისტორიული ახსნა “ისტორიულობით” შეიძლება მხოლოდ. კულტურის ტრაგედიას, სხვათაშორის, ისიც შეადგენს, რომ ისტორიის რომელიმე ხანაში კირთების ქვეშ ყოფნაც არის აუცილებელი და საჭირო.
რაციონალიზმის სქემებით ისტორიის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. ჰეგელის დიადმა ფილოსოფიურმა სისტემამ, ერთი ფილოსოფოსის თქმა რომ მოვიშველიო, მთელი მსოფლიო ლოგიკურ სილოგიზმში მოაქცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისტორიის ერთი ნაბიჯის ახსნაც ვერ შესძლო. რატომ? იმიტომ, რომ იდეათა სფეროში (თუ გინდ დიალექტურად იხსნებოდეს ეს უკანასკნელი), ყველაფერი იმთავითვე დასრულებულია, როგორც მათემატიკურ რკალში, ხოლო ისტორია თავისთავად შემოქმედებაა, ზრდა, განვითარება, ეს – სხვათაშორის. აქ უნდა შევნიშნო მხოლოდ, რომ აბსოლუტიზმი ისტორიაში აუცილებელიც არის და საჭიროც: მრავალ სასტიკ მხარესთან ერთად მას აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი მხარეც: იგი ჰქმნის ერთ მთლიან ფსიქიკას, სასტიკი ყალიბით ასხეულებს ერის ნებისყოფას.
ჰელადის მაგალითი აქ მოსაყვანი არ არის, რადგან იგი მეცნიერებისათვის ამოცანაა ნამდვილი. ხალხთა შორის ძველი ბერძნები გენიალურ გამონაკლისს წარმოადგენდნენ. საქართველოში, ვიმეორებ, სასტიკი აბსოლუტიზმი არ ყოფილა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ჩვენს ეროვნულ დაქსაქსულობას.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი უცნაურობა ჩვენს ისტორიაში. დასავლეთ ევროპაში ფეოდალიზმის ნანგრევებზე აიმართა აბსოლუტიზმი, ჩვენში კი აბსოლუტიზმის შემდგომ თანდათან გაძლიერდა ფეოდალური მიდრეკილებანი. რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ეს მაინც ასეა, და მართალ არიან ჩვენი მარქსისტები, როცა ამტკიცებენ, რომ საქართველოს ერთიანობა რუსეთის ხელმწიფების ქვეშ განმტკიცდა. გაერთიანება კირთების ქვეშ – ეს ხომ საშინელი უცნაურობაა!
ერთი სიტყვით, რომელი მხრითაც უნდა შემოვუაროთ ამ საკითხს, ერთი რამ ნათელია: პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ ვერ შევქმენით მტკიცე და მძლავრი ხელმწიფება. ამან კი ხელი შეუწყი ჩვენში “ანარქიული” ბუნების განვითარებას.
მესამე სიძნელე გავლენის სფეროს შეეხება. ჩვენმა ისტორიამ ხშირად იცის “სხვისი” გავლენა: მონგოლების შემოსევა, არაბულ-სპარსული გავლენა, ბიზანტიური “შემორევა”, რუსული “შემოსვლა”. თავისთავად ცხადია, გავლენას ყოველი ერი განიცდის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყოველ ჯანსაღ ერს შესწევს შემტევი ძალა, რომელიც უმკლავდება ამ გავლენას. ამ ბრძოლაში ყალიბდება ერის შემოქმედება.
ახლა ვიკითხოთ: ჰქონდა თუ არა საქართველოს მაგარი შემტევი ძალა? ეს საკითხიც ერთგვარი პრობლემაა. პირადად ჩემთვის სინამდვილეა, ის, რომ საქართველოს ჰქონდა შემტევი ძალა, მხოლოდ ისეთი, რომელიც სურვილს აღგვიძრავს, რომ უფრო მაგარი და მძლავრი ყოფილიყო იგი. გარდა ამისა, ჩემთვის ისიც სინამდვილეა, რომ ეს შემტევი ძალა საქართველოში ყოველთვის არ ყოფილა მახვილი და მედგარი. აქედან ერთი რამ გამომდინარეობს: ჩვენს კულტურას, ყოველ სფეროში, მრავალი “გავლენა” შესისხლხორცებული და გარდაქმნილი კი არა აქვს, არამედ მიკრული მეტხორცად. ეს გავლენა - “მეტხორცი” მესამე სიძნელეა ქართული რენესანსის საწინააღმდეგოდ ამართული.
აი, ის სამი სიძნელე, რომელიც უნდა სძლიოს ქართულმა რენესანსმა. ძლევა აქ მეტად საძნელოა. ქართული რენესანსის მონაწილემ სხეულებით უნდა იგრძნოს საქართველო მის ისტორიულ დენაში და მონახოს მისი ნამდვილი საყოფელი საქმე. შემდგომ კი შემოქმედი ხელმწიფებით უნდა გამოჰკვეთოს მისი სახე კულტურულ შემოქმედებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შექმნის ქართული რენესანსი ნამდვილ სტილს. ეს კი მეტად საძნელოა. საგულისხმო მაგალითი: ერთი თავის ლექციაში ივ. ჯავახიშვილმი საბუთიანად ამტკიცებდა, რომ ქართულ არქიტექტურაში “აღნაგობას” (აგებულებას) ჰქონდა მინიჭებული უმთავრესი ადგილი, “სამკაულს” კი არააუცილებელი. არქიტექტურა ხომ მთელი ხალხის ნებისყოფას გადმოგვცემს. ამ მხრივ, მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ძველი ქართველი ხუროთმოძღვარი განსაკუთრებულ ყურადღებას “აღნაგობას” აქცევდა და არა “სამკაულს”.
მაგრამ თუ ჩვენს დღევანდელ კულტურულ შემოქმედებას ავიღებთ, დავინახავთ სრულიად საწინააღმდეგოს: თანამედროვე ქართველისათვის, პირველყოვლისა, “სამკაული” არსებობს და შემდგომ "აღნაგობა". ავიღოთ ეხლანდელი ქართული ლექსი, ეს საუკეთესო გამომხატველი ქართული კულტურისა. იქ მრავალია "სამკაული” (ლექსის ტანი, სხეულის ფაქტურა). რომელია აქ ჩვენი სულის საფარდო? ეს საკითხია, და სწორედ ქართველმა ხელოვანმა უნდა გამონახოს საქართველოს ნამდვილი სტილი.
ქართული რენესანსისათვის პირობები თანდათან უკეთესდება. დღეს თუ ხვალ საქართველო განთავისუფლდება. იგი გაერთიანდება და გამთლიანდება, - ამ შესაძლო სინამდვილესაც ვერავინ უარჰყოფს. ერთობილი და მთლიანი საქართველო მრავალ სიძნელეს გადალახავს. არც აქ გამტყუნდება წინასწარმეტყველება. მხოლოდ ერთი რამ არის ჩვენთვის აუცილებელი, რაც ყოველ წამს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ უფრო იმპულსის ხალხი ვართ, ვოდრე გრძნობისა. ნამდვილი გრძნობა კი შეურყეველია, ღრმაა, სასტიკი. გრძნობა უკანასკნელ წვეთამდე; - აი, რა არის ჩვენი თავი და თავი.
განსაკუთრებით ახლა უნდა იგრძნოს ქართველმა რაინდული შემოქმედებითი საქართველო. მხოლოდ ამ შემთხვევაში აყვავდება ქართული რენესანსი. ასეთ გრძნობას, ხანდახან მისტიურობამდე აყვანილს, ვერა სიძნელე ვერ გადაეღობება წინ; იგი ყოველ ზღუდეს გადალახავს, განსაკუთრებით ეს ქართველ ხელოვანს ჰმართებს; იგი თანვე რაინდიც უნდა იყოს სულიერი, რომ მთელი ქართველობა ამოსწუროს მის ისტორიულობაში და მისგან ნამდვილი ქართული სტილი გამოჰკვეთოს.