საქართველოს შეირაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა ავღანეთში გაემგზავრა

  15:50:48     28-03-2017

სენაკში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლაურა კუპერი დაესწრნენ. 23-ე ბატალიონი საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. 

​დღევანდელი ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებლი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საბრძოლო დროშის გადაცემით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მომზადებული ქართველი სამხედროები მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო კაპელანმა დალოცა. მეორე ქვეითის ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებს შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ავღანეთში გამგზავრებამდე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარეს.