ფონიჭალაში მოკლული დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

  14:32:41     28-03-2017

თბილისის საქალაქო სასამართლო დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს.

საქმეზე ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილია, რომელიც, როგორც მოწმის ჩვენებით ირკვევა, ოჯახთან ახლობლობდა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

პროკურორის კითხვას იცოდა თუ არა ბრალდებულმა ხაბელაშვილმა, რომ ოთარ მამფორია სახლში ბინის შესაძენად შეგროვებულ თანხას ინახავდა, მამფორიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა როგორც ხაბელაშვილს, ასევე მის ახლობლებს. 

როგორც მამფორიამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ, ახლობლებმა ტელეფონით აცნობეს. 

"ახლობლებმა მითხრეს შენი სახლი იწვისო, მე სამსახურში ვიყავი. დავურეკე ნონას და არ მიპასუხა. მე წავედი სახლში, როცა შევედი გაჭვარტლული იყო, ვიკითხე სად არიან ჩემი ცოლ-შვილი-თქო, მითხრეს მეზობელთან გაიყვანესო. მერე გავიგონე ერთ-ერთი პოლიციელი რაციაში საუბრობდა, ხანძრის შედეგად, დედა-შვილი დაიწვაო", - იხსენებს ოთარ მამფორია.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, მოკლულის მეუღლე ამბობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი მას არწმუნებდა, რომ არ აეყვანა ადვოკატი და, ასევე, აქციების გზით, არ მოეთხოვა გამოძიების დაჩქარება, რადგან, შესაძლოა, ის დაეკავებინათ.

დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება. ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად დააწერინეს.
 
გამოძიების ვერსიით, ქურდობის მოტივით, ხაბელაშვილი მამფორიების ოჯახში მივიდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მან ნონა რომანაძეს 27-ჯერ დაარტყა დანა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს 14 ჭრილობა მიაყენა, სამხილების განადგურების მოტივით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.