“მარტოხელა რეინჯერი” ბრუნდება

  11:08:23     19-04-2011

რაიან გოსლინგს ფილმ “მარტოხელა რეინჯერში” მთავარი როლი შესთავაზეს. ამის შესახებ საიტი “Collider” იუწყება.

 

“მარტოხელა რეინჯერის” პერსონაჟი ამერიკულ პუბლიკას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში შესთავაზეს. დღეისათვის, ის მრავალრიცხოვანი სატელევიზიო ფილმის თუ კინოსურათის, სერიალის და რადიოდადგმის გმირია.

 

სიუჟეტის მიხედვით, მარტოხელა რეინჯერი ველურ დასავლეთში მოგზაურობს და ბოროტებას ებრძვის. ამაში მას ინდიელი, სახელად ტონტო ეხმარება. ტონტოს როლს ახალ ფილმში ჯონი დეპი შეასრულებს. მცირე ხნით ადრე, მსახიობმა განაცხადა, რომ რეინჯერის როლზე, შესაძლოა, ჯორჯ კლუნი ან ბრედ პიტი მოეწვიათ, მაგრამ კინოსურათის შემქმნელები ამჯერად გოსლინგთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ.

 

“მარტოხელა რეინჯერის” ამ ვერსიის რეჟისორი გორ ვერბინსკია, პროდიუსერი კი – ჯერი ბრუკჰაიმერი. ვარაუდობენ, რომ ფილმი კინოეკრანებზე 2014 წელს გამოვა.