საქართველოსა და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობა რეალურია
15:49:22     18-04-2011
საქართველოსა და სომხეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა, სულ უფრო პერსპექტიული ხდება. დღეს, სომხეთს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია ეწვია. ქართველი მინისტრი სომეხმა კოლეგამ, სეირან ოგანიანმა მიიღო. შეხვედრაზე მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობაზე გაიმართება.
ამ ვიზიტს წინ ოგანიანისა და საქართველოს ახალი ელჩის სომხეთში, თენგიზ შარმანაშვილის შეხვედრა უძღოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, მათი უწყების თავკაცმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში გაღრმავდება. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება უფრო მარტივი იქნება. როგორც ჩანს, შეხვედრამ კარგად ჩაიარა, რასაც ქართველი ძალოვანი მინისტრის დღევანდელი ვიზიტიც ადასტურებს.
სომხეთთან სამხედრო თვალსაზრისით, საერთო ენის გამონახვა ძალიან წაგვადგება. ამ მიმართულებით, სომხებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ჩვენი მეზობელი საკმაოდ ფრთხილი მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ომის დაწყების საფრთხის წინაშე იმყოფება, ძალ–ღონეს არ იშურებს, რომ რეგიონში მშვიდობა შეინარჩუნოს. ასეთი ფრთხილი სახელმწიფო პოლიტიკით სომხეთმა წარმოუდგენელი შეძლო – სომხეთის თავდაცვაში მონაწილეობს როგორც რუსეთი, გარკვეულწილად ‘’ნატოც’’.
ქალაქ გიუმრიში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, სამხრეთ ოლქის ერთ–ერთი მთავარი დასაყრდენი სამხედრო ძალაა რუსეთისათვის, 2044 წლამდე, მაგრამ ამავდროულად ‘’ნატო’’ სომხეთისათვის თავდაცვის სფეროს მთავარ პრიორიტეტად რჩება, გრძელვადიანი პერსპექტივით.
ერევანმა დიდ წარმატებას მიაღწია, სამხედრო სფეროს განვითარებით სხვის ხარჯზე. საჭიროების შემთხვევაში, სომხეთს შეუძლია, მთელი რუსული არმიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. რუსული ჯარები სომხეთის საზღვრის მთლიან პერიმეტრს იცავენ, რაც მთავარია იცავენ სომხეთ–თურქეთის საზღვარს. ‘’ნატო’’ კი სომხეთს აზერბაიჯანთან ცეცხლის გასანელებლად სჭირდება.
აზერბაიჯანთან შედარებითი, სუსტი სამხედრო პოტენციალის მიუხედავად, ამგვარი მხარდაჭერით, სომხეთი რეგიონში სამხედრო ლიდერად ითვლება. ‘’ჩვენ უფასოდ ვიღებთ იმას, რაშიც აზერბაიჯანი მილიარდობით დოლარს ხარჯავს,’’ ამბობენ სომხები და მართლებიც არიან. სომხეთმა რუსეთთან ‘’კოლექტიური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის’’ შეთანხმებით, არსენალი ისეთი იარაღით გაიმდიდრა, ერთ კი არა, რამდენიმე ომსაც ეყოფა. საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები С-125, ‘’Круг’’ და ‘’Бук’’, 2 ათეული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ‘’Точка’’ და ‘’Точка-У’’, ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ შეიარაღებისა, რაც ბოლო პერიოდში სომხეთმა რუსეთის თავდაცვისაგან მიიღო.
სომხეთს იმდენად არ უნდოდა სიმწრით დაკავებული მთიანი ყარაბაღისა და კიდევ 7 ბუფერული ზონის დათმობა, რომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია თავდაცვით პოლიტიკაში.
სწორედ, აი ამ ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკური ნაბიჯების გათვალისწინება არ გვაწყენდა ჩვენც. უდავოდ სასიამოვნო ფაქტია, გარკვეული ძვრები საქართველო–სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, თუმცა რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს, დიდი მკითხაობა არ არის საჭირო. თუმცა ამაზე სომხებმა უფრო უნდა ინერვიულონ. ასევე სიხარულით არ შეხვდება ამ ფაქტს, აზერბაიჯანის ხელისუფლებაც. აქაც დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ სომხეთთან თანამშრომლობის დაწყებით, მეგობარი აზერბაიჯანი არ გავაღიზიანოთ.