ირანი ომისთვის ემზადება?!
11:05:54     18-04-2011
ირანმა წარმატებით გამოსცადა ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “საიად-2”. ირანული საინფორმაციო სააგენტო “ფარსის” ცნობით, მოკლე დროში ახალი, “მიწა-ჰაერი” ტიპის რაკეტა საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი. “საიად-2” წინა თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, “საიად-1”-ის მოდერნიზებული ვარიანტია. ახალი კომპლექსი გამოირჩევა მიზნის სიზუსტით და რაკეტის მოქმედების რადიუსიც უფრო მეტია.
ირანული საინფორმაციო საშუალებები, ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ “საიად-2” ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. 2011 წლის მარტში, ირანში საავიაციო მართვადი რაკეტების სერიის წარმოებაც დაიწყო. ერთი თვით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა” კორპუსმა შეიარაღებაში ახალი, საზღვაო ბაზირებისათვის განკუთვნილი რაკეტები მიიღო. მათი მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრამდეა.
ოფიციალურმა თეირანმა, მაღალჩინოსანი გენერლების პირით უკვე განაცხადა, რომ ირანისთვის ძირითადი საფრთხე ზღვიდან და ჰაერიდან მოდის და სწორედ ამიტომაც მთელი ძალისხმევა ეროვნული სამხედრო-საწარმოო კომპლექსის განვითარებისკენაა მიმართული. სწორედ ამიტომ ხდება სხვადასხვა სახის შეიარაღების მიდერნიზება და სრულყოფა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად – აცხადებენ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები.