მუდამ შეყვარებული ფრანსისკო გოია
10:57:05     16-04-2011
1828 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა დიდი ესპანელი მხატვარი, გრავიორი ფრანსისკო გოია (ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს, Francisco José de Goya y Lucientes).
მომავალი ფერმწერი დაიბადა 1746 წელს სარაგოსასთან ახლოს, ფუენდეტოდოსში. მამა ვარაყის, ოქროს ხელოსანი იყო. ოჯახში სამი ბიჭი იზრდებოდა. ფრანსიკო ყველაზე უმცროსი გახლდათ. კარგი განათლება ვერ მიიღეს, ამიტომ, ფრანცისკო მთელი ცხოვრება ცუდად წერდა. 1760 წელს ოჯახი სარაგოსაში გადავიდა საცხოვრებლად. ყმაწვილი ფრანსისკო მიაბარეს ლუსანა ი მარტინესის სახელოსნოში შეგირდად. რამდენიმე წლის მერე ჩხუბის გამო მოუწია სარაგოსადან გადახვეწა.
1766 წელს მადრიდში ჩავიდა. იქ გაეცნო სასახლის კარის მხატვრების ნამუშევრებს. ხვეწდა თავის ოსტატობას. მიიღო მონაწილეობა მადრიდის სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. იმედი ჰქონდა მიიღებდნენ სან ფერნანდოს ხელოვნების სამეფო აკადემიაში. თუმცა მისი ნახატი არ მოეწონათ. ადგა და გაემგზავრა იტალიაში.
რომში გაეცნო იტალიელი მხატვრების ფერწერას. თუმცა ავანტურისტული ხასიათის გამო ისევ უსიამოვნო ისტორიაში მოხვდა. ღამით შეიპარა დედათა მონასტერში, რათა სატრფო გამოეტაცა. წაასწრეს დანაშაულზე. იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი.
1771 წელს მოიპოვა პარმის სამხატვრო აკადემიის მეორე პრემია, ანტიკურ თემაზე შექმნილი ნახატისათვის, "ჰანიბალი ალპებიდან დასცქერის იტალიას“. დაბრუნდა სარაგოსაში, სადაც ფრესკების მოხატვას შეუდგა. 1773 წელს გადავიდა მადრიდში თავის მეგობარ ფრანსისკო ბაიუასთან და მასთან მუშაობდა სახელოსნოში. მისი მეგობარი იყო კარის მხატვარი მეფე კარლოს III სასახლეში. ბაიუამ გოიას გააცნო თავისი და, ხოსეფა. გოიას მოეწონა გოგონა, შეაცდინა ის და მერე იძულებული გახდა მასზე ექორწინა. ეს მოხდა 1775 წელს. ამ დროს ქალი ხუთი თვის ფეხმძიმე იყო. ოთხ თვეში მათ ბიჭუნა შეეძინათ, რომელსაც ეუსებიო დაარწვეს. ბავშვი მალე გარდაიცვალა. ხოსეფამ რამდენიმე შვილი გააჩინა, მაგრამ მხოლოდ ერთი შერჩათ, რომელსაც ფრანსისკო ხავიერ პედრო დაარქვეს. ისიც მხატვარი გამოვიდა. ხოსეფა გარდაიცვალა 1812 წელს. მისი ერთი პორტრეტი დახატა დახატა გენიოსმა მეუღლემ.
1776-1780 წლებში ცოლისძმის პროტექციით გოიამ სამეფო შპალერის მანუფაქტურისათვის დაამზადა 45 პანო. რომლებიც გამოიყენებოდა გობელენების ნიმუშებად. ასე მიიღო სამუშაო ფაბრიკაში. ამ ნამუშევრებმა გოიას სახელი მოუტანა.
1780 წელს გოიამ დახატა მეფის პორტრეტი. მერე ნახატი "ჯვარცმა" და ასე გახდა სამეფო აკადემიის წევრი. 1785 წელს გახდა ამავე აკადემიის ფერწერის განყოფილების ვიცე-დირექტორი, 1795 წელს კი დირექტორი. 1786 წელს გახდა სამეფო კარის მხატვარი. კარლოს III-ის სიკვდილის მერე, კარლოს IV კარის მხატვრად და მის პირველ ფერმწერად იქცა. ეს 1799 წელს მოხდა.
1791 წელს გოიამ გაიცნო ჰერცოგინია ალბა, რომელიც მისი საყვარელი და მფარველი გახდა. მხატვარი 1792-1793 წლებში დაავადდა და სმენა დაკარგა. გამოჯანმრთელების მერე სატირული ოფორტების სერიის "კაპრიჩოს" შესრულებას შეუდგა (ოფორტი, ლითონზე შესრულებული გრავიურა). გამოსახავდა პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ სიუჟეტებს. 1798 წელს მეფე კარლოს IV-მ დაავალა მოეხატა სან ანტონიო დე ლა ფლორიდის ტაძრის გუმბათი.
1796 წელს გარდაიცვალა გოიას მფარველი ჰერცოგინიას მეუღლე ჰერცოგი. ჰერცოგინია გაემგზავრა ანდალუზიაში და თან გოიაც წაიყვანა. იქ შეიქმნა ორი განსაკუთღებული შედევრი, "შიშველი მახა" და "ჩაცმული მახა". 1802 წელს ჰერცოგინია ალბა გარდაიცვალა. ამის მერე გოიამ დახატა "მახები აივანზე". ქალბატონმა ალბამ ანდერძით 3500 რეალი დაუნიშნა ყოველთვიურად ფრანსისკო გოიას ვაჟს, ხავიერ გოიას.
1800 წელს დაიხატა კარლოს IV ოჯახი, გენიალური ქმნილება. 1808 წელს ნაპოლეონმა დაიპყრო ესპანეთი. გოიამ ნახა აჯანყება და რეპრესიები, რამაც მასძე დიდი და მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ესპანეთი გათავისუფლდა, მხატვარმა ეს მოვლენები თავის ტილოებით უკვდავყო. ამასობაში მისი შვილი დაქორწინდა მდიდარი ვაჭრის ქალიშვილზე და ცალკე საცხოვრებლად გადავიდა. მამას ძალიან გაუჭირდა მარტოობა და შვება ისევ შემოქმედებაში იპოვა, მოხატა სახლი ("ყრუს სახლი"), სადაც ცხოვრობდა.
ამ პერიოდში გაიცნო ქალბატონი ლეოკადია დე ვეისი, ისიდრო ვეისის ცოლი. ქალი გაშორდა ქმარს და გოიას ქალიშვილი, როსარიტა გაუჩინა. რეპრესიების შიშით, 1824 წელს გოიამ ცოლ-შვილი წაიყვანა საფრანგეთში, სადაც ოთხ წელში გარდაიცვალა. ემიგრაციაში ხატავდა თავის მეგობარ ემიგრანტებს. აითვისა ახლებური ტექნიკა ლითოგრაფიისა და გააკეთა ხარების ბრძოლის შესახებ სერია "ბორდოული ხარები", დახატა "ბორდოელი მერძევე ქალი".
ამ დროისათვის გოია ძალიან სახელგანთქმული იყო და მიმდევრებიც გამოუჩნდა.