ხორვატი გენერალი ციხეში, 24 წლით

  10:39:27     16-04-2011

ხორვატ გენერალს ანტე გოტოვინას ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა 1995 წლის ომის დროს, სერბების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის, 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, გოტოვინასთან ერთად კიდევ ერთი ხორვატი გენერალი, მლადენ მარკაჩი გასამართლდა, რომელმაც 18 წლიანი სასჯელი მიიღო. მესამე მსჯავრდებული, გენერალი ივან ჩერმაკი ყველა პუნქტში უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

 

სასამართლოს აზრით, გოტოვინამ და მარკაჩმა 1995 წელს, ომის დროს, სერბების წინააღმდეგ მთელი რიგი სამხედრო დანაშაულებები ჩაიდინეს. გენერლები დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ მასობრივ მკვლელობებს, ერთნიკურ წმენდას და ადგილობრივ მცხოვრებთა დეპორტაციას.

 

ხორვატიაში გოტოვინას და მის თანამებრძოლებს ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ, რომელთაც ქვეყანა სეპარატიზმისაგან იხსნეს. ხორვატების აზრით, გენერლების მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა, რადგან მათი ქმედებები სამხედრო აუცილებლობით იყო გამოწვეული.