დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13:00 საათიდან განახლდება
09:53:09     01-03-2017
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 13:00 საათიდან განახლდება. დაცვის მხარის განმარტებით, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მისი ოჯახის უსაფრთხოება, ბრალდებული გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.
"ისინი აპირებენ პირველ საათზე შესვლას და მეც შევალ და ვნახავ. თუ მართლა კარგად არის მამა გიორგი, მამა გიორგი აუცილებლად მისცემს ჩვენებას. დაკითხვის დროს გარკვეული კითხვები, რომელიც დაისვა მამა გიორგიმ ძალიან გასაგებად მიუთითა, ამ კითხვებზე პასუხს მისცემს იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება დაცვით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატები უკვე მიცემული ჩვენების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ციანიდი მას არ შეუძენია და არც ვინმეს მკვლელობის მოტივი ჰქონდა.
„ძირითადი ჩვენების ნაწილი იყო ციანიდზე, მაგრამ რაღაც საკითხები იყო იარაღთან დაკავშირებითაც და მე ვფიქრობ, რომ ამ მეორე მუხლთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვები იქნება მეორე ნაწილში. მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ შეუძენია და ის უკანონოდ მოათავსეს მის ჩანთაში, მისი დაკავების შემდეგ. ამაზე საჯაროდ ვსაუბრობ და ვადასტურებ, რომ მას არანაირი ციანიდი არ შეუძენია და არანაირი მკვლელობის მიზანი და მოტივი მას არ ჰქონდა", -აცხადებს გიორგი ფანცულაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეკანოზის დაკითხვა ვერ მოხერხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების ინფორმაციით მისი მდგომარეობა დამაკამყოფილებელია.