
რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა დიდი მარხვის შესახებ?
23:27:04     26-02-2017
მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ; მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ.
ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერთლის "ჩემი თავგადასავლიდან", სადაც აღწერილია, თუ როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს: "უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო; მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა. . ."
ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, არც ზომიერების გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმერთმა შეგვაძლებინოს! უთუოდ, ჩვენს შორისაც არიან ამის შემძლენი, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ეს სურვილი ძედაპირული და ცალმხრივია. ძველი ქრისტიანების მარხვის ასეთი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჩვენ კი არათუ პირველ ქრისტიანებზე, არამედ ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენ პაპებზეც კი ბევრად უძლურნი ვართ; მათი ოდენ ზედაპირული მიბაძვა ჩვენს შინაგან და გარეგან მდგომარეობას შორის დარღვევებს იწვევს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. საგულისხმოა, რომ თვით აკაკიც, ზემომოყვანილ ნაწყვეტში, ასეთ მომეტებულ სიმკაცრეს შეცდომად მიიჩნევს.
ასე რომ, თუ, ერთის მხრივ, მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, მეორეს მხრივ, ზედმეტმა სიმკაცრემ სხვა, ვინ იცის, იქნებ უფრო მძიმე განსაცდელი მოგვიმზადოს. ამიტომ ქრისტიანმა ზომიერად უნდა ილოცოს, ზომიერად უნდა იმარხულოს და თუ ცხოვრების წესის გამკაცრება სურს, მოძღვარს უნდა დაეკითხოს.
ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ჩვენი ქრისტიანებიდან, ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პირველ კვირაში ჭამს დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს, ხოლო ვისაც ეს უჭირს - ზეთიანს და დღეში სამჯერ; თუ შეძლებს, ასეთმა ადამიანმა, სასურველია, ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავოს თავი ზეთისაგან.
რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს "უფალო და მეუფეო..." ოთხი სრული მეტანიით.
ჩვენი პატრიარქის , უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II რჩევითა და ლოცვა-კურთხევით, ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ, ე.ი. თუ სხვა დროს, ზიარების წინ, საჭიროა რამდენიმე დღე მარხვის შენახვა, ახლა ეს პირობა თავისთავად სრულდება, რაც გარკვეულად აიოლებს ზიარებისათვის მომზადებას. მეორე მხრივ, თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბასა და კვირას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთ წოდებული წირვა პირველშეწირულთა ძრვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათს ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.
პირველი ოთხი შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე "ხორციელის" შაბათი ანუ "კორკოტობა", არის მიცვალებულთა მოხსენების დღეები. ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.
უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი: შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება. ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.
*ტაძარში ეს ლოცვა სრულდება 16 მეტანიით. ამასთან 16-დან 12 არის მცირე მეტანია.
3. როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია
ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს; ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც, თუ ეს აუცილებელია.
მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისათვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არა თუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.
როგორც აღვნიშნეთ, დიდი წმიდა მარხვა ყველა სხვა მარხვაზე საძნელოა, მაგრამ შემწეობაც მეტი გვეძლევა უფლისაგან.
ღმერთმა მოგვცეს მადლი, გულისხმისყოფა და სულიერი თუ ფიზიკური ძალები, რათა ყოველმა ჩვენგანმა - სრულიად საქართველომ - ერთიანი მარხვითა და ლოცვით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმიდა. ამინ.
4. დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე
დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე შემდეგნაირად უნდა წარვმართოთ: ვისაც შეუძლია, საკვები მიიღოს დღეში ორჯერ (ან სამჯერ). მკაცრი მარხვა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ოთხშაბათობით და პარასკევობით, როდესაც ვიკვებებით ასევე ორჯერ (ან სამჯერ), მაგრამ ვცდილობთ ზეთს მოვერიდოთ. შაბათ-კვირას ჩვენს ტრაპეზს შეიძლება სადღესასწაულო ელფერი მივცეთ ხოლმე, რაც გამოიხატება საჭმლის მრავალფეროვნებასა და ცოტაოდენი ღვინის დალევაში.
ლოცვითი კანონი იგივეა, რაც პირველ კვირაში, ე.ი. დილისა და საღამოს ლოცვების შემდეგ უნდა წავიკითხოთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." ოთხი მეტანიით.
5. "ლაზარეს შაბათი" და "ბზობა"
მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული "ბზობა" - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ ლაზარეს აღდგინებას. ეს არის აგრეთვე, დღესასწაული ქართული ენისა რამეთუ "სახარებას შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან" ("ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი").
ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგენის სიმბოლოდ მიაჩნია.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ბოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ბზის ტოტები, გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს ებრაელები იერუსალიმში მისი დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.
წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები შეგვიძლია ან ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მათ შესაგროვებლად ადგილია ხოლმე გამოყოფილი, ან ჩვენვე დავწვათ სუფთა ადგილას.
6. ვნების შვიდეული
ა) ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი
ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას. იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმ. ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძრვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შტამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიან ბოლომდე.
ბ) "დიდი ხუთშაბათი"
ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე ე.წ. "დიდი ხუთშაბათი", ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო(ლუკა 22,8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. თრადიციულად, სიონის საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.
ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფერხთბანის რიტუალი. კათალიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს მათ ფეხებს. ამით ჩვენ ვიხსენებთ, თუ როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 113,4-10). დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." აღარ იკითხება.
გ) "დიდი პარასკევი"
"დიდი პარასკევი" ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმ. იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.
ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმინდად უნდა გავატაროთ; მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი. ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზეც უარიც კი ვთქვათ, ან მცირად წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.
დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. "გარდამოხსნის გადმოსვენება" - იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი. საღამოს იკითხება "თორმეტი ვნების სახარება", ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე. სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.
დ) "დიდი შაბათი"
ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც "დიდ შაბათს" ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია, და ამდენად, სავალდებულო, მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 საათის შემდეგ საზრდელი არ უნდა მიიღოს; ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.
ღმერთმა მოგვცეს სულიერი და ფიზიკური ძალა, წმინდად გავატაროთ დიდი მარხვა; ვეცადოთ, უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რომ ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!
7. ზეთის კურთხევა
დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ "შვიდჯერ ზეთისცხება", როგორც მას დღეს უწოდებენ. ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოები უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები "სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს" (მარკოზი 6.13). ზეთის კურთხევის მიზანი წმ. მოციქულის იაკობის სიტყვებშიც ჩანს:
"უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკობი 5.14-15).
აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება. ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2.1-12).
დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში, ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებასთან, ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში, საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება, ცოდვათა მიტევების გარეშე, ადამიანის სნეულისათვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
სასურველია რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო, საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამს.
სხვადასხვა ეკლესიაში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხავდასხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.