ტიტანი ოსტატი ლეონარდო
16:28:19     15-04-2011
1452 წლის 15 აპრილს იტალიაში, ფლორენციის მახლობლად დაიბადა ლეონარდო და ვინჩი (Leonardo di ser Piero da Vinci). მას უწოდებენ უნივერსალურ ადამიანს (homo universalis), რაც გულისხმობს ენციკლოპედისტს, პოლიმატს (polymathēs, ბერძნულად πολυμαθής), ე. ი. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული ინტელექტუალური მონაცემები, მოღვაწეობა შეეძლო სხვადასხვა სფეროში ერთდროულად, თანაც, მისი მოღვაწეობა სხვადასხვა, განსხვავებულ სფეროში აღინიშნება საოცრად დიდი მიღწევებით. ლეონარდო და ვინჩი იყო ხუროთმოძღვარი, მუსიკოსი-იმპროვიზატორი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი-მკვლევარი, ბუნებისმეტყველი, ხელოვნების თეორეტიკოსი, მწერალი, მოქანდაკე და მხატვარი.
მომავალი ტიტანი ოსტატი ლეონარდო დაიბადა პატარა ქალაქ ვინჩისთან ახლოს, სოფელ ანკიანოში. აქედანაა მათი ოჯახის წოდება ვინჩიელი (და ვინჩი). მამა პიერო ნოტარიუსი იყო. ლეონარდოს მცირეწლოვნობიდან ეტყობოდა დიდი შემოქმედებითი ნიჭი, ამიტომ, მამამ რვა წლის ასაკში მიაბარა ცნობილ ოსტატ ანდრეა დელ ვეროკიოს. ვეროკიო ფლორენციის მთავარი მოქანდაკე იყო. მისი სურათებიდან მხოლოდ "ქრისტეს ნათლობა" შემორჩენილა, რომელზეც ანგელოზი ლეონარდომ დახატა. გადმოცემის მიხედვით, ოსტატს რომ უნახავს თავის "შეგირდის" ნამუშევარი, ამბობენ, ხატვაზე ხელი აიღოო. არსებობს ლეგენდა, თითქოს ლეონარდომ რამდენიმე წელი მოგზაურობაში გაატარა და "კაუკაზუს მთა" ნახა. თუმცა, როგორც მეცნიერები თვლიან, ეს მხოლოდ ლეგენდაა.
ლეონარდო და ვინჩი ეპოქათა გასაყარზე დაიბადა. მისი დაბადებიდან ერთი წლის მერე დაეცა მეორე რომი - კონსტანტინოპოლი. დიდი ადამიანებისა და დიდი გარდატეხების მოვლინება, ალბათ, რაღაც ისტორიულ პრინციპთან არის დაკავშირებული. მეცნიერების ერთი ნაწილი შუა საუკუნეების დასასრულს 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემასთან, მეორე ნაწილი დიდ აღმოჩენებთან (1492 წლიდან), მესამენი კი რეფორმაციის დასაწყისთან აკავშირებენ (1517 წელი). ერთი კია, ამ დროს რაღაც ძალიან ახალი იწყება, ამ ახლის სულისჩამდგმელნი კი, შემოქმედის ნებით, ტიტანი ოსტატები იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პირველი, სწორედ, ლეონარდოა.
ბოტიჩელს, როცა ყმაწვილი ლეონარდოს ნახატები აჩვენეს, უთქვამს: "საოცარია, ამ სურათებში მე ვხედავ რაღაც მეტისმეტად მიწიერს, რისი ახსნაც არ შემიძლიაო." დიახ, ლეონაროს ნახარები მიწიერია, ანუ ბუნებრივი და ადამიანური. როგორც ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თვისად, ისე ხატად ღვთისად ხატავდა ლეონარდო ადამიანებს. ამ შემთხვევაში მიწიერი, ადამიანური და ბუნებრივი გულისხმობს სულიერს, ღვთიურს.
ჩემი აზრით, რენესანსი იყო იმის ნამდვილი გააზრება, რომ ადამიანი ხატია ღვთისა. თუ ძველად მსოფლაღქმა იყო - "მატლ ვარ და არა კაც", ახალი აღთქმის მთავარი პოსტულატია ღვთის განკაცება. მაშასადამე, ადამიანი, კაცი შემოქმედისათვის, ღვთისათვის ძალიან მნიშველოვანია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კაცი ღმერთმა შექმნა ხატად თვისად და მერე მის გადასარჩენად თავად სიტყვა განკაცდა. ეს კარგად გაიგეს აღორძინების ეპოქის თეორეტიკოსებმა და პრაქტიკაშიც განახორციელეს. სამეცნიერო დაკვირვების, შესწავლის შედეგად და უკიდეგანო ტალანტის წყალობით შეძლეს გადმოეცათ ღვთის ხატის გარეგნული მხარე თუ შინაგანი ბუნება.
ლეონარდო და ვინჩი 1499 წლამდე მილანში მუშაობდა ჰერცოგ ლოდოვიკო სფორცასთვის. იქვე დაწერა "ტრაქტატი ფერწერაზე". მერე ფლორენციაში გადავიდა. შემდეგ ისევ მილანში დაბრუნდა. მილანში მოღვაწეობის დროს შექმნა ”მადონა ლიტა”. მართლაც, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა ”საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული.
მილანიდან რომში ჩავიდა პაპის, ლეო X-ის მიწვევით. 1516 წელს მეფე ფრანცისკ I მიწვევით საფრანგეთში წავიდა, სადაც უდიდესი პატივით მიიღეს და უბოძეს კლუს ციხე-სიმაგრე, ამბუაზას მახლობლად, ტურენში.
და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. XX საუკუნეში გაჩნდა ვერსია, რომ მათემატიკოსმა-მხატვარმა ლეონარდომ "ჯოკონდას" პროტოტიპად თავის ავტოპორტრეტი გამოიყენაო. ან იქნებ, მართლაც, ფლორენციელი დიდებულის ფრანჩესკო დელ ჯოკონდას მეუღლის პორტრეტია "მონა ლიზა". მაგრამ, ასეა თუ ისე, ლეონარდოს უთქვამს: "მე წილად მხვდა ბედნიერება შემექმნა ჭეშმარიტად ღვთაებრივი ნაწარმოებიო".
როგორც ზემოთ ვთქვით, ლეონარდო და ვინჩის ტალანტი იყო ძალიან მრავალმხრივი, ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან გასაოცარ შედეგს იღებდა. თუმცა, კაცობრიობისათვის ყველაზე მეტად მაინც მისი ხელოვნების საოცარი ქმნილებებია ყველაზე ძვირფასი.
ტიტანი ოსტატი ლეონარდო და ვინჩი კლუს ციხე-სიმაგრეში გარდაიცვალა 1519 წელს, რეფორმაცია ორი წლის დაწყებული იყო. მოკლედ, როგორც ზემოდ ვთქვი, ლეონარდოს ცხორება სწორედ შუა საუკუნეების დასასრულზე მოდის, რომელი თარიღიც უნდა ავირჩიოთ შუა საუკუნეების დასასრულად, სულ ერთია, მაინც. შუა საუკუნეები ერთი ხელის მოსმით ხომ არ დამთავრებულა. მე ვიტყოდი, სწორედ ლეონარდო დავინჩის დაბადებით დაიწყო შუა საუკუნეების დასასრული და მისი გარდაცვალებით დასრულდა შუა საუკუნეები. ან სხვანაირად: ლეონარდო და ვინჩის დაბადებით ჩაისახა, მასთან ერთად გაიზარდა და მისი გარდაცვალებით საბოლოოდ განმტკიცდა რენესანსი დედამიწაზე.
გარდაიცვალა მრავალმხრივი ტალანტით ღვთისგან უშურველად დაჯილდოებული ადამიანი, ტიტანი დიდოსტატი ლეონარდო და ვინჩი.
ლეონარდო ურჩევდა მომავალ ხელოვანთ: "სეირნობისას ეცადე უყურო და დააკვირდე ადამიანთა ადგილებსა და პოზებს, როცა ლაპარაკობენ, კამათობენ, იცინიან, ჩხუბობენ. დააკვირდი, რანაირი პოზა აქვთ გარშემო ადამიანებს, რომლებიც მათ უყურებენ ან აშველებენ, აღნიშნე ყოველივე ეს უბის წიგნაკში, რასაც მუდამ თან უნდა ატარებდე".
ვისაც უნდა ჰარმონიულად განვითარდეს, მოუსმინეთ ტიტან ლეონარდოს, მას ადამიანის ტვინის ორივე ჰემოსფეროს გასავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
“იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!.."
ქართველებმა კი მეტი უნდა ვისწავლოთ მისგან და აწი მაინც გავითავისოთ ლეონარდო და ვინჩის იგავის “კაკალი და სამრეკლო”, სიბრძნე (თარგმნა ქეთევან დუმბაძემ):
“ერთ დღეს ყვავმა სადღაც კაკალი იშოვნა და სამრეკლოზე აფრინდა. მოკალათდა და გემრიელი ლებნის ხელში ჩასაგდებად ფეხებში მომწყვდეულ ნადავლზე ნისკარტით გამეტებით შეუდგა კაკაუნს. არ ვიცი, დარტყმა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, თუ ყვავს უმუხთლა ბედმა, კაკალი კლანჭებიდან გაუსხლტა, ქვევით ჩაგორდა და კედლის ნაპრალში მიიმალა.
- ო, კეთილო ქომაგო-კედელო! – შეევედრა ყვავის ნისკარტის დარტყმებისაგან ოდნავ გონს მოსული კაკალი, თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე – ნუ დამღუპავ, შემიბრალე! შენ ისეთი მყარი და დიდებული ხარ, ისეთი მშვენიერი სამრეკლო გაქვს. ნუ გამაგდებ, შემიფარე!
ზარები ყრუდ და გამკიცხავად აგუგუნდნენ, - კედელს აფრთხილებდნენ, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ, კაკალს არ ენდოო.
- ნუ მიმატოვებ ობოლს გაჭირვებაში! _ ისევ ევედრებოდა კაკალი, ცდილობდა ზარების გაბრაზებულ გუგუნში ხმა მიეწვდინა კედლისთვის, - ის იყო მშობლიური ტოტი უნდა მიმეტოვებინა და ტენიან ნიადაგზე ჩამოვვარდნილიყავი, რომ ბოროტი ავაზაკი თავს დამაცხრა და როცა გაუმაძღარი ყვავის ნისკარტში აღმოვჩნდი, დავიფიცე – თუ სიკვდილს გადავურჩი, სიცოცხლის ბოლომდე რომელიმე ორმოში გავიტრუნები, წყნარად და მშვიდად გავატარებ-მეთქი დარჩენილ დღეებს.
კაკლის ვედრებამ გული აუჩუყა და ააცრემლა ბებერი კედელი, ზარების გაფრთხილების მიუხედავად, კედელმა გადაწყვიტა, მასპინძლობა გაეწია კაკლისათვის და თავის ნაპრალში დაეტოვებინა.
დროთა განმავლობაში კაკალს შიშმა გადაუარა, მოშინაურდა, გათამამდა და ფესვები გაუშვა. ფესვები სტუმართმოყვარე კედელში მიძვრებოდნენ. სულ მალე კედლის ნაპრალიდან პირველმა ყლორტებმა გამოხეთქეს. ისინი ერთად მიიწევდნენ წინ და ძალას იკრებდნენ. კიდევ ცოტა ხანმა განვლო და კაკლის ნორჩი ყლორტები ამაყად დაჰყურებდნენ თვით სამრეკლოსაც კი. ყველაზე მეტად კი ფესვებისაგან კედელი დაზარალდა, რადან ისინი სულ უფრო იტოტებოდნენ, არყევდნენ და ანგრევდნენ ძველ ნაგებს და უმოწყალოდ ფანტავდნენ აგურებსა და ქვებს.
ძალიან გვიან მიხვდა კედელი, რამდენად ცბიერი აღმოჩნდა შეუხედავი, საწყალი კაკალი, რომელიც მშვიდ ცხოვრებას ჰპირდებოდა მასპინძელს.
ნდობისათვის მწარე სინანულის და თავის გაკიცხვის მეტი რაღა დარჩენოდა კედელს, მან ხომ ბრძენი ზარების გაფრთხილება არ შეისმინა.
კაკლის ხე გულგრილი სიამაყით იზრდებოდა, სამრეკლო კი სულ უფრო და უფრო ინგრეოდა.”