იმპრესიონიზმი - არანაირი იდეალური სილამაზე

  14:05:19     15-04-2011

იმპრესიონიზმი ფრანგული სიტყვაა (impression) და ნიშნავს შთაბეჭდილებას. მხატვრობის ეს მიმდინარეობა ჩაისახა საფრანგეთში, 1870 წლის დასაწყისში.  იმპრესიონიზმის მიზანია ასახოს მოვლენათა ცვლა, შთაბეჭდილებები და არა საგანთა მუდმივი, სტაბილური მხარე. იმპრესიონისტებმა შეამჩნიეს, რომ ერთი და იგივე პეიზაჟი დღის სხვადასხვა დროს, სრულიად სხვადასხვანაირად წარმოისახება - სინათლე თავისებურ ელფერს აძლევს პეიზაჟს, მზიან დღესა და მოღრუბლულ ამინდში, დილასა და საღამოს. მათ მიზნად დაისახეს შეენარჩუნებინათ სურათში უშუალო შთაბეჭდილება. ამიტომ, იმპრესიონისტები ტილოებს ღია ცის ქვეშ ხატავდნენ, თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ.

იმპრესიონისტები ფერში და ფერის საშუალებით გამოხატავენ საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. იმპრესიონისტები არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

მხატვრობის ამ მიმდინარეობამ, სახელწოდება მიიღო კლოდ მონეს ნახატისგან "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა" (impression, soleil levant). ასე, რომ იმპრესიონიზმის განვითარების მთელი გზა მჭიდროდაა დაკავშირებული პეიზაჟისტ კლოდ მონეს შემოქმედებასთან.

მონემდე ვერც ერთმა მხატვარმა და ვერც მისმა უახლოესმა თანამოაზრეებმა - რენუარმა, სისლეიმ, პისარომ - ვერ დაინახეს ბუნებაში ფერების ისეთი ჟღერადობა და ვერ შეძლეს სინათლისა და ჰაერის ისე ცოცხლად გადმოცემა, რასაც მონემ მიღწია. იგი ხშირად ხატავდა ერთსა და იმავე ხედს დღე-ღამის სხვადასხვა დროს. ასეთებია მისი სერიები "თივის ზვინები" და "რუანის ტაძარი". სწრაფი, თითქოს დაუდევარი მონასმებით მხატვარი ქმნიდა ნიავზე მოლივლივე მინდვრის, ან პარიზის ხმაურიანი ქუჩების შთაბეჭდილებას. მას შეეძლო წარმოესახა ზაფხული ცხელი დღე ან ზამთრის თოვლ-ჭყაპი.

სამყაროს ცოცხლად და ნათლად აღქმის უნარი, რომელიც საერთოდ იმპრესიონიზმისთვისაა დამახასიათებელი, მკვეთრად გამომჟღავნდა ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის ოგიუსტ რენუარის (1841-1919) შემოქმედებაში. მას "ბედნიერების მომღერალი" შეარქვეს. რენუარის შემოქმედება სიხარულითაა აღსავსე. მისი ყურადღების ცენტრში იყო ადამიანი. ბევრი პორტრეტი დაგვიტოვა, უმთავრესად კი ქალების. მათში არანაირი ფსიქოლოგიური სიღრმე არაა, მაგრამ გარეგნული მსგავსება ზუსტადაა მიგნებული.

ადამიანი იზიდავდა ედგარ დეგასაც (1834-1917). ისიც იმპრესიონისტების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ რენუარის უდარდელი გმირებისგან განსხვავებით, დეგას ტილოებზე გამოსახულია შრომისგან დაღლილი ადამიანები. თავისი პერსონაჟების დახასიათების მთავარ საშუალებად დეგა მოძრაობას იყენებს. იგი ზუსტად ასახავს მრეცხავი ქალის პროფესიულ ჟესტს, ბალერინასა და მოჯირითე ჟოკეის პოზას. მის ნამუშევრებს რომ უყურებ, ასე გგონია, ცხოვრებიდან შემთხვევით ამოგლეჯილი სურათებია თქვენ წინ.

XIX საუკუნის ბოლოს, საფრანგეთის ქალაქ კალეს მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ცენტრალურ მოედანზე აღემართა სკულპტურული ძეგლი თავისი ექვსი მოქალაქის გმირობის უკვდავსაყოფად.

XIV საუკუნეში, ასწლიანი ომის დროს, ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ კალეს. შიმშილისაგან და გაჭირვებისგან სასოწარკვეთილი მოქალაქენი მზად იყვნენ მტერს დანებებოდნენ. ინგლისის მეფემ ბრძანა, ნიშნად კაპიტულაციისა, ექვსი ყველაზე პატივსაცემი მოქალაქე თავშიშველი, ყელზე თოკშებმული მეახლოს, თან ქალაქის კარიბჭის გასაღები მომართვან და ჩემს ნებას დაჰყვნენო. საბაზრო მოედანზე შეკრებილი მოქალაქენი წარბშეკრულნი, მდუმარედ ისმენდნენ ამ ცნობას. სიჩუმე დაარღვია ექვსმა თავდადებულმა ადამიანმა, რომელთაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ...

1884 წელს ძეგლი უდიდეს ფრანგ მოქანდაკე - იმპრესიონისტ ოგიუსტ როდენს (1840-1917) შეუკვეთეს. ექვსივე გმირი ძეგლში იმ სახითაა წარმოდგენილი, როგორითაც მტრის წინაშე წარსდგნენ.

ძეგლის დადგმის დროს, 1895 წელს, როდენის სურვილი იყო, რომ სკულპტურული ჯგუფი "კალეს მოქალაქენი" დაედგათ პიედესტალის გარეშე, მოედნის ქვაფენილის სიმაღლეზე, რათა ყოფით ამბებში გართული მაყურებელი უეცრად შეჩერებულიყო და გაკვირვებოდა ის, რომ ამ ყოველდღიურობაში, რაღაც მნიშვნელოვანსა და დიადს თავისი ადგილი აქვს...