სამხედრო დამნაშავეები და სამართალი რვა წლის დაგვიანებით

  10:27:32     15-04-2011

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.

 

დაკავებულებს, ედინ ჯეკოს და რასიმა ჰანდანოვიჩს ბოსნია-ჰერცოგოვინას ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ედებათ ბრალი. საქმე ეხება, ბოსნიაში 1992-95 წლებში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

 

ბოსნიის სამხედრო ტრიბუნალის ვერსიით, ორივე დაკავებული ბოსნიურ მუსულმანურ ოცეულში “ზულფიკარში” ომობდა, რომელიც მთელი რიგი სასტიკი ქმედებებით იყო ცნობილი. ჯეკო და ჰანდაროვიჩი ეჭვმიტანილები არიან სოფელ ტრუსინზე თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 19 მშვიდობიანი მცხოვრები და სამი ხორვატი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

ცნობილია, რომ ჯეკომ პირადად დახვრიტა სოფლის ერთი მცხოვრები და მისი მეუღლე, ჰანდაროვიჩმა კი ქალბატონი მოკლა. ამას გარდა, ისინი მსროლელთა ჯგუფის შემადგენლობაშიც შედიოდნენ, რომელთაც ათეულობით ადამიანის მკვლელობა ბრალდებათ.

 

ჰანდაროვიჩმა ამერიკული მოქალაქეობა 2002 წელს მიიღო, ჯეკო კი ვაშინგტონში 2001 წლიდან ცხოვრობდა. ამჯერად, ამერიკულ სასამართლოს სამხედრო დამნაშავეების სამშობლოში ექსტრადირების საკითხზე მსჯელობა მოუწევს. ბოსნიაში მათ, სულ მცირე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ელით.

 

ტრუსინზე შეტევა 1993 წლის 16 აპრილს მოხდა და ბოსნიის ომის დანაშაულებებს შორის, ერთერთ ყველაზე მძიმე ფაქტად მიიჩნევა. ამ თავდასხმის რამდენიმე მონაწილე დაპატიმრებულია, დანარჩენები კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძებნებიან.