როგორ აკოტრებს სადაზღვევო კომპანიებს მინისტრი სერგენკო...

  13:55:00     15-02-2017

ჯანდაცვის მინისტრ სერგენკოს, მაშკევიჩის თაღლითური იდეის ლობირების გარდა, საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკაში განხორციელებული სიახლეების გამოც აკრიტიკებენ. თუ, ცოტა ხნის წინ ე.წ. ჯენერალ მედიკამენტებისა და ჰუმანითი ჯორჯიას მილიარდიანი ინვესტიციის ზღაპარს გვიყვებოდნენ, ახლა, როგორც ჩანს, სერიოზულად უტევენ სადაზღვევო ბიზნესს...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. პროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირველად მოხდება 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. ამის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

თავიდანვე - 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პირები, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები. 

პრინციპი უცვლელი რჩება. 2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე პირი ( 496 061 ).

თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამათუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა (მაგალითად: დაკარგეს სამსახური და ა.შ) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები.

ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1 ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ. 

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაოობას და არადაზღვეული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ცვლილების შედეგი: 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე (115 771) პირს, ვისაც არ ქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით - მიეცემა საშუალება გახდეს საბაზისო (ანუ სრული) პაკეტის მომხმარებელი. 

მეორეს მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებით, ე.წ. „საბაზისო პაკეტით“ მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა (კერძო და საყოველთაო) გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.

ყველა ეს ცვლილება მიმართულია უკეთესი ჯანდაცვითი სერვისების მოცვისთვის

[I=3]გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ. „საბაზისო“ ან „მინიმალური“ პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ანაზღაურდება იმავე პაკეტის შესაბამისად, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო გეგმიურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე“, - ასეთია ჯანდაცვის მინისტრ სერგენკოს ხედვა. 

„რას ნიშნავს ეს ყველაფერი ადამიანურ ენაზე:

1. დავით სერგეენკო გვატყუებდა, როდესაც ამბობდა, რომ 40,000 იყო იმ მოქალაქლეთა რაოდენობა, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის სრულყოფილი პაკეტით სარგებლობდა.

ასეთი მოქალაქეთა რაოდენობა ყოფილა 3-ჯერ (!) მეტი - 115 771.

2. კულმინაციას აღწევს დავით სერგეენკოს 4-წლიანი დაპირისპირება სადაზღვევო სექტორთან.

თუ აქამდე სადაზღვევო კომპანია ირიბად სარგებლობდა საყოველთო ჯანდაცვის პროგრამის ფულით, ვეღარ ისარგებლებს.

(როდესაც საავადმყოფოში მიჰყავდათ გადაუდებელი შემთხვევის პაციენტი, რომელსაც ჰქონდა კერძო დაზღვევა, საავადმყოფო ჯერ ხარჯავდა საყოველთაოს ფულს და მხოლოდ ამ ფულის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ იწყებდა სადაზღვევო კომპანიის ფულის ხარჯვას).
3. შედეგად, გაძვირდება კერძო დაზღვევა და მის ყიდვას შეძლებს უფრო ნაკლები ადამიანი.

ვინც ვერ შეძლებს, ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს საკმაოდ ბევრი ადამიანი იქნება და ამიტომ, მოსალოდნელი ეფექტი, ხარჯების შეკავებისა, არ დადგება.

[I=2]4. წვრილ სადაზღვევო კომპანიებს იყიდიან მსხვილი სადაზღვევო კომპანიები“, - ასე აკრიტიკებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სერგენკოს.

სადაზღვევო სექტორში მომუშავე ექსპერტთა აზრით კი, ე.წ. ახალი პაკეტი კვლავ მძიმედ დააწვება როგორც ბიუჯეტს, ისე კერძო სექტორს, რაც  გამოიწვევს როგორც შედარებით წვრილი სადაზღვევო კომპანიის გაკოტრებას, ისე სამუშაო ადგილების დაკარგვას და ამაში, პირველ რიგში, დამნაშავე იქნება ბატონი მინისტრი, დავით სერგენკო.