“Deep Purple”- ის და “Black Sabbath” – ის ახალი პროექტი

  10:19:41     14-04-2011

“Deep Purple”- ის ვოკალისტმა იან გილანმა და “Black Sabbath” – ის გიტარისტმა ტონი აიომიმ საქველმოქმედო სუპერჯგუფი “Whocares” შექმნეს. ამის შესახებ  “Undercover” იუწყება.

 

პროექტის განსახორციელებლად, მუსიკოსებს მხარი აუბეს ასევე “Iron Maiden”-ის დრამერმა ნიკო მაკბრეინმა, “Deep Purple” - ის ყოფილმა წევრმა ჯონ ლორდმა, “HIM” - ის გიტარისტმა მიკო ლინდსტრომმა და “Metallica“ – ს ექსბასისტმა ჯეისონ ნიუსტედმა.

 

ჯგუფის სადებიუტო სინგლი, ორი სიმღერა “Out Of Mind” და “Holy Water” 6 მაისს გამოვა. სიმღერები წარმოდგენილი იქნება ციფრულ ფორმატში, სიდიზე და ვინილიზე. ვიდეოვერსია საიტ “იუთუბზეც” განთავსდება.

 

ჯგუფის მოღვაწეობის შედეგად შემოსული მთელი თანხა სომხურ ქალაქ გიუმრში საბავშვო მუსიკალურ სკოლას მოხმარდება. ამ ქალაქს გილანი და აიომი უკვე მრავალი წელია ეხმარებიან. მაგალითად, შარშან სკოლის მოსწავლეებს მუსიკალური ინსტრუმენტები გაუგზავნეს. ჯგუფის სიდი ვერსიას თანდართული 40 წუთიანი ფილმი ექნება, რომელიც გიუმრის სკოლის შესახებ მოგვითხრობს.