
შეწყალების სკანდალი გრძელდება - ვინ და რატომ შეიწყალა მარგველაშვილმა კომისიის გვერდის ავლით?
15:57:43     09-02-2017
საკუთარი ოჯახის მრავალჯერ გასამართლებული წევრების გარდა, პრეზიდენტი მარგველაშვილი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პატიმრებს საზოგადოებისაგან ფარულად და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით იწყალებს.
ერთერთი ბოლო სკანდალური ფაქტი, რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა გაახმოვანა, რომელიც წლებია უკვე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს კორუფციასა თუ ნეპოტიზმში ამხელს.
ელისაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ყველაზე აქტიურია და თითქმის ყოველთვის გამოირჩევა მკვეთრი და საზოგადოებრივი პოზიციით.
მისი განცხადებით, 2013 წელს ის სოზარ სუბარს შეხვდა, რა დროსაც მინისტრმა მას ვუგარ ალიევის შეწყალება სთხოვა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის სახელით.
იმ მომენტში, ვუგარ ალიავი მძიმე დანაშაულისათვის 27 წლიან სასჯელს იხდიდა. ამიტომ, ელისაშვილის თქმით, მან სუბარს უარი უთხრა. თუმცა, ვუგარ ალიევი მაინც შეიწყალეს, ოღონდ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით.
უფრო ზუსტად: მარგველაშვილმა ვუგარ ალიევი პირდაპირი წესით ისე შეიწყალა რომ აზრი შეწყალების კომისიისათვის საერთოდ არ უკითხავს, რისი უფლებაც, როგორც პრეზიდენტს ცხადია ჰქონდა, მაგრამ რა ვუყოთ მორალურ ვალდებულებას?
ვუგარ ალიევი თაღლითობისა და დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით იხდიდა 27 წლიან სასჯელს.
საინტერესოა, გრძნობს თუ არა, მარგველაშვილი მორალურ პასუხისმგებლობას მაინც, როდესაც მან ალიევი მისი საქმის ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოუშვა ციხიდან და შედეგმაც არ დააყოვნა?...
ერთერთი ვერსიით, თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნე ალიევმა, გათავისუფლებიდან მალევე ჩაიდინა მორიგი დანაშაული და დღეს ის რუსეთში იმალება.
ალიევის შეწყალება გამონაკლისი იქნებოდა რომ არა სხვა მსგავსი და მორალურად გაუმართლებელი შეწყალებები, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა...
1. მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებიდან მალევე შეიწყალა საკუთარი ცოლის ძმა, რომელიც სამჯერ არის გასამართლებული და ბოლოს ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობის გამო იხდიდა 13 წლიან სასჯელს.
ის დღეს კვლავ პატიმრობაშია. მას, გამოძიება ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.
2. პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა მკვლელობისათვის გასამართლებული პატიმარი, მეტსახელად „ოქრიკა“. თუმცა, "ოქრიკა" შეწყალებიდან მალევე დააპატიმრეს ვაკეში მომხდარი 24 წლის ახალგაზრდის კიდევ ერთი მკვლელობის გამო.
"ოქრიკა" ახლა სწორედ ამ დანაშაულისათვის იხდის სასჯელს. არადა, როგორც მოკლულის ნათესავები აცხადებენ, რომ არა მარგველაშვილის მიერ მისი შეწყალება, დღეს 24 წლის ლაშა მახარაძე ცოცხალი იქნებოდა.
ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ტრაგიკული შედეგებისა, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუფიქრებელმა, ზოგჯერ კი, პირადი დაინტერესების გამო მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.