რუსული სამხედრო ბიუჯეტი და აშშ-ის ძველი სტრატეგია

  12:57:20     13-04-2011

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს სამხედრო ხარჯები მთელ მსოფლიოში შემცირდა. “პრესა.ჯი” ამის შესახებ უკვე წერდა. მიზეზი, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის  შემცირება გახდა, რომელზეც პლანეტის სამხედრო ხარჯების 43 პროცენტი მოდის. მეორე ადგილზე ჩინეთია, მაგრამ ის თავისი პოტენციალით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოწინააღმდეგეს. ევროპაში სამხედრო ბიუჯეტი ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტების აზრით, მას სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ სამხედრო ხარჯები გაზარდოს. სხვა შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ ლიბიის ბედი გაიზიაროს.

 

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის ინსტიტიტის გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების შესახებ, ექსპერტებს ახალი ვარაუდების გამოსათქმელად, საკმარისი მასალა მისცა. ევროპაში, სადაც ხელისუფლება იძულებულია ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა სხვადასხვა საშუალებებით გადაწყვიტოს, სამხედრო ხარჯები 2,8 პროცენტით დაეცა. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ასევე საბერძნეთი აღმოჩნდა.

 

შეჯიბრში აბსოლუტურ ჩემპიონად კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. 2010 წლისთვის, მისი სამხედრო გასავალ-შემოსავალი 698 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს ექვსჯერ მეტია, ვიდრე მისი უახლოესი კონკურენტის – ჩინეთის, რომლის ხარჯები სულ რაღაც 119 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხარჯები, 2001 წლიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე, 81 პროცენტით გაიზარდა.

 

ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში სამხედრო დანახარჯები ეკონომიკის ზრდის თუ დაცემის პარალელურად იმატებს. ჩინეთმა 2009 წელთან შედარებით ბიუჯეტი იმის გამო შეამცირა, რომ ეკონომიკის ზრდა შეფერხდა. სამაგიეროდ, ამ კუთხით წინ მიიწევენ ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი, სტაბილური სახელმწიფოები. მათ შორისაა, მაგალითად, საუდის არაბეთი. თუ წარსულში ეს ქვეყნები, ძირითადად, უცხოეთიდან შემოტანილ იარაღზე იყვნენ დამოკიდებული, დღეს შეიარაღების წარმოება თავადაც დაიწყეს.

 

რაც შეეხება რუსეთს, მისი სამხედრო ხარჯები გასულ წელს შეადგენდა 1782 მილიარდ რუბლს (58,7 მილიარდი დოლარი). რუსეთმა, როგორც ცნობილია, ხუთეულში აშშ-ის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შემდეგ, მეხუთე ადგილი დაიკავა. მიმდინარე წელს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის სამხედრო ხარჯები 1,4 პროცენტით შემცირდა. საერთო ჯამში კი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ხარჯები, 2001 წლიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე, 82 პროცენტით გაიზარდა.   

 

როგორც ექსპერტები აცხადებენ, საბჭოთა პერიოდის “ცივი ომის” მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, ფაქტობრივად, გამალებულ შეიარაღებას აიძულებს, რაც მის ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ აისახება. ეკონომიკურად განვითარებული აზიის რიგი ქვეყნები, მაგალითად, იაპონია, მომხდარ ტრაგედიამდეც, შეიარაღებაზე აქცენტს არ აკეთებდა.

 

ამერიკულ ეკონომიკურ-ფინანსურ შესაძლებლობებს და განვითარებულ ტექნოლოგიებს, რუსეთი თავისი ჩამორჩენილი შესაძლებლობებით ვერ ეწევა. ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, ღირს მსოფლიოს ზესახელწიფოსთან შეჯიბრი, როცა ის თავიდანვე განწირულია დამარცხებისთვის? ასეთ სიტუაციაში გაცილებით რაციონალურად ევროპის ქვეყნები იქცევიან და სამხედრო ხარჯებს ამცირებენ.

 

რუსეთის არმია დიდი ხანია აღარ შეიარაღებულა. რუსები, უკანასკნელ წლებში, ცდილობენ ახალი იარაღის შესყიდვის პროგრამების გაფართოებას. მათი გეგმის მიხედვით, 2011 – დან 2020 წლამდე სამხედრო ხარჯებმა წელიწადში 1,2 ტრილიონ რუბლამდე უნდა მიაღწიოს.

 

უკიდურესად ჩამორჩენილი რუსული ტექნოლოგიები ახალი, მაღალხარისხიანი იარაღით და საინფორმაციო სისტემებით უნდა შეიცვალოს. რუსები შიშობენ, რომ თუ ისინი საკუთარ არმიას “კვებას მოაკლებენ,” მაშინ იძულებული იქნებიან სხვისი არმია კვებონ. ასეთ სიტუაციაში, სულ უფრო მეტად ეცემა რუსული ეკონომიკა და სამხედრო ხარჯებზე წასული ფინანსები, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. მოკლედ, აშშ-ის სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში, უცვლელი რჩება და ისტორიაც მეორდება.