ირაკლი ოქრუაშვილის ახირების გამო, კადეტმა თავი მოიკლა
11:51:56     13-04-2011
საზოგადოებაში გაზრდილი ინტერესის გამო, კადეტთა სამხედრო ლიცეუმზე ინფორმაციულ მასალას გთავაზობთ, რომელიც შეიძლება გზამკვლევიც კი აღმოჩნდეს ჩვენი მოზარდი მკითხველისათვის.
კადეტთა ლიცეუმს, გაუქმებამდე 13 წლიანი ისტორია ჰქონდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ლესელიძის სახელობის სამხედრო ბაზაზე, კადეტთა კორპუსი დაარსდა, თუმცა 2005 წლის 29 დეკემბერს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქროუაშვილის განკარგულებით, სასწავლებელი გაუქმდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და მსხვერპლიც მოჰყვა.
ერთერთმა კადეტმა თავი ჩამოიხრჩო. მაშინ, მოსწავლეების დიდმა ნაწილმა და მათმა მშობლებმა აქციები სამთავრობო შენობასთან გამართეს. ოქრუაშვილის ამ გადაწყვეტილებას შეეწირა, გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი ვახტანგ კაპანაძეც, რომელმაც კადეტების მხარე დაიჭირა და ყველანაირად ცდილობდა მათ დახმარებას, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.
მინისტრს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი ლიცეუმის დახურვა და ასეც მოიქცა, ისევე როგორც სამხედრო აკადემიის თურქულ, ანუ 2 წლიან სისტემაზე გადაყვანის შემთხვევაში.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას 2010 წლის 2 აგვისტოს # 515 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისში კადეტთა კორპუსი აღდგა, ოღონდ სულ სხვა მასშტაბით, ხარისხითა და მოტივაციით. 2010 წლის 13 სექტემბერს ლიცეუმი საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდლმა მიხეილ სააკაშვილმა.
სასწავლებლის მთავარი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის კვალიფიციური და განათლებული ოფიცრების მომზადება.
გასულ წელს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მისაღებ გამოცდებზე 1600 კანდიდატი დაუშვეს. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და უნარ-ჩვევების ტესტირების გავლის საფუძველზე შეირჩა 300 პირი. სწავლა ლიცეუმში 2010 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. 2011 წლის მისაღები გამოცდები ასევე ივლისის თვეში გაიმართება.
ლიცეუმში იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს - ვაჟებს, რომლებიც დაამთავრებენ მე-9, მე-10 კლასს. ლიცეუმში სწავლა მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით. 3 წლის განმავლობაში კადეტები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურაში შედის სამი ძირითადი შენობა – სასწავლო, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსები, სასადილო, სპორტული დარბაზი, კლუბი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. ლიცეუმის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია.
სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები მიიღებენ სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს. სწავლის დასრულების შემდეგ, კადეტები უმაღლესი სასწავლებლის არჩევაში თავისუფალი იქნებიან. სამხედრო საქმის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, უმაღლესი განათლება თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში მიიღონ.
როგორ მოვხვდეთ კადეტთა სამხედრო ლიცუმში
ლიცეუმში ჩაბარების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს მშობლის განცხადება კადეტის მიღების შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა#100; ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი თანდართული შეფასების ფურცლით; დახასიათება სკოლიდან; ავტობიოგრაფია; ცნობა პოლიციიდან აღრიცხვაზე არ ყოფნის შესახებ; ცნობა ნარკოლოგიურიდან აღრიცხვაზე არ ყოფნის შესახებ; სურათი 3/4-ზე 2 ცალი.
ზოგადი სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ლიცეუმში შექმნილია შვიდი საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა კათედრა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები , საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რუსული ენა, ინგლისური ენა, ესთეტიკური აღზრდა. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები, მათემატიკა და ინფორმატიკა.
სამხედრო პროგრამა
სამხედრო პროგრამა მოიცავს: ტაქტიკურ მომზადებას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფია/ნავიგაციას, სამხედრო ისტორიას, სამწყობრო მომზადებას, საველე გასვლებს, საინჟინრო მომზადებას, კავშირგაბმულობას, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალს, ლიდერის უნარჩვევების გამომუშავებას, პირველად სამედიცინო დახმარებას.
დამატებითი ინფორმაცია
- ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების 17 წლამდე მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს წარმატებით დაამთავრებენ საბაზო საფეხურს (IX კლასი).
- ლიცეუმის სასწავლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სკოლებიდან გადმოსვლა არ არის შესაძლებელი;
- შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სპეციალური პირობების არარსებობის გამო ლიცეუმი ამ ეტაპზე გოგონებს ვერ მიიღებს;
- სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელი - I - III კურსი (X-XII კლასი). ლიცეუმის დამთავრების შემდეგ კადეტები მიიღებენ სრული საშუალო განათლების ატესტატს და დამატებით სამხედრო სერთიფიკატს;
- სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული გრაფიკით;
- სასწავლო პროცესი განისაზღვრება ხუთდღიანი სასწავლო კვირით და ორი დასვენების დღით;
- სასწავლო პროცესის მსვლელობისას სასწავლებელში სადღეღამისო დარჩენა სავალდებულოა ყველა კადეტისთვის;
- მნახველების მიერ კადეტების ნახვის დღეებსა და საათებს ადგენს ლიცეუმის დირექცია;
- სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე ლიცეუმის დირექციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ლიცეუმში რომელიმე შაბათ-კვირას ჩატარდეს მიზანმიმართული სწავლებები ან ექსკურსიები;
- საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე სამხედრო მომზადების პროგრამის მიხედვით კადეტებს ექნებათ საველე გასვლები (14 დღე).
NATO–ს წევრ ქვეყნებში საოცარი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში 40–ზე მეტი ასეთი სკოლა და 2 საბავშვო ბაღიც კი არსებობს. მსგავსი ტიპის სკოლების ძირითადი მიზანი სულაც არ არის ის, რომ ყველა სამხედრო პირი გახდეს. ბავშვებს ცხოვრების ჯანსაღ წესს და სწორად ცხოვრებას აჩვევენ, ფაქტობრივად ქუჩას აცილებენ და სწორად ცხოვრებას ასწავლიან. პიროვნებას აჩვევენ როგორც ხელმძღვანელობას, ასევე დაქვემდებარებას, რაც ნებისმიერ სფეროში გამოადგებათ.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მსურველების მიღება ყოველწლიურად განხორციელდება. სამომავლოდ ლიცეუმის თბილისში გახსნაც იგეგმება.