პოლ მაკარტნის ახალი პროექტი

  11:27:52     12-04-2011

 

პოლ მაკარტნი ახალ ალბომს ამზადებს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები ჯგუფ “Wings” - ის სიმღერებს შეასრულებენ. ამის შესახებ “The Sun” იტყობინება.

 

ბრიტანული ტაბლოიდის მონაცემებით, პროექტში უკვე მიიღეს მონაწილეობა ჯგუფმა “The Cure” და მაკარტნის ვაჟიშვილმა ჯეიმსმა, რომელთაც სასეკსის სტუდიაში სიმღერები ჩაწერეს.

 

ალბომის შესახებ სხვა, უფრო დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ასევე, არ არის ცნობილი მისი სახელწოდება, გამოსვლის შესაძლო თარიღი და სიმღერები, რომელსაც მონაწილეები შეასრულებენ.

 

ამ დროისათვის, პოლ მაკარტნის უკანასკნელი სტუდიური ალბომი “Memory Almost Full” არის, რომელიც 2007 წლის ივნისში გამოვიდა. 2008 წლის ნოემბერში ექსბითლმა გამოუშვა დისკი სახელწოდებით “Electric Arguments”, ერთი წლის წინ კი, საკონცერტო ალბომი “Good Evening New York City” გამოსცა.