ირმა ყოჩიაშვილი მშობლების შესახებ: ”19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს ყველანაირი გზით"

  23:30:41     17-01-2017

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ირმა ყოჩიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი დედობილი და მამობილი მასზე ძალადობდნენ და მას დღემდე აქვს ნაიარევები. 

”19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს ყველანაირი გზით და ხერხით. გასაგებია, ამას საზოგადოება სხვანაირად გაიგებს - გამზრდელი დედაა და როგორ გააკეთა ესო, მაგრამ გარედან ამის დანახვა ძალიან ძნელია. მე უბრალოდ ამას სხვანაირად ვუყურებ. ყველანაირი ძალადობა იყო ჩემზე მათი მხრიდან, რაც შეიძლება ადამიანზე განხორციელდეს და სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. მე შემეძლო საერთოდ არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილზე, მაგრამ გადავწყვიტე მივსულიყავი და ამის მიზეზი იყო გამოცდილება. ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე და მინდოდა ამ კადრებისთვისაც მეყურებინა, ამ ყველაფრიდანაც მიმეღო გამოცდილება. მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდი. ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი წელი მემუქრება და ახლაც ციხეში ვიმყოფები, მაგრამ ჩემ თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე, ჩემი ცნობიერება, აზროვნება ხელოვნების თვალსაზრისით იყო და ეს თვალსაზრისი რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ცნობიერება მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ფიზიკა-ქიმიის განხრით წავიდა და ჩემი წიგნის მეორე ნაწილს ფიზიკა-ქიმიის განხრით ვწერ. დარწმუნებული ვარ, ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ფიზიკისა და ქიმიის სფეროში დიდ გადატრიალებას მოახდენს...

ამაზეც გაიჟღერა ასეთმა ვერსიამ, რომ გამოვა, მოკლავს და შეჭამსო. ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, მე ამ ადამიანის ორგანიზმს სხვა მიზნით არ ვიყენებ. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ 19 წლის განმავლობაში ამ ადამიანების მხრიდან ასეთი ზეწოლა იყო ჩემზე და დღემდე ბევრი ნაიარევი მაქვს”, - განაცხადა ბრალდებულმა. 

მისივე თქმით, არავითარ სარიტუალო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მოსამართლის კითხვაზე, მიმართა თუ არა სამართალდამცველებს მისი დედობილის და მამობილის მხრიდან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ მიუმართავს, ვინაიდან მასში სხვა ემოციური ფონი არსებობდა. 

”ამ ყველაფრის არაერთი მოწმე არსებობს, რომ ეს მართლაც ხდებოდა, არა მარტო დედობილის და მამობილის, არამედ მათი ნათესავების მხრიდანაც ”, - განაცხადა ბრალდებულმა და აქვე დასძინა, რომ მასზე ლუბა და ომარ ყოჩიაშვილები იმის გამო ძალადობდნენ, რომ 26 წლის შვილი გარდაეცვალათ და ის გარდაცვლილ შვილს არ ჰგავდა.