"ცენტრ პოინტის" საქმის სასამართლოს სხდომები შესაძლოა საავადმყოფოში ჩატარდეს

  11:36:58     10-01-2017

დღეს გახდება ცნობილი ჩატარდება თუ არა "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ მაგნოლიას ეპოზოდზე სასამართლო სხდომები საავადმყოფოში.

მოსამართლეს ამ შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა.

თავად რჩეულიშვილი  სასამართლო პროცესების საავადმყოფოში ჩატარების წინააღმდეგია. 

მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე შუამდგომლობს პროცესი იქამდე გადაიდოს, ვიდრე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რათა მან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება შეძლოს. 

"ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექიმის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმი არ უწევს რეკომენდაციას, რომ პროცესი პალატაში ჩატარდეს. ასევე წარმოდგენილი გვაქვს მაია რჩეულიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სურს სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, თუმცა წინააღმდეგია რომ პროცესები მასთან პალატაში ჩატარდეს, ვინაიდან ამით მოხდება მისი, როგორც მორალური, ისე ფსიქოლოგიური განადგურება. ამიტომ ის თხოვს სასამართლოს პროცესის გადადებას, სანამ თავად არ შეძლებს სასამართლოში მოსვლას და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის თხოვნას არ გაიზიარებს, მაია რჩეულიშვილი იძულებული იქნება უარი თქვას საკუთარ უფლებაზე და აღარ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომებში, ამით კი ბრალდებულის უფლება დაირღვევა", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რჩეულიშვილი საავადმყოფოში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული რამდენიმე თვის შედეგაგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.