ლიზ ტეილორის ქველმოქმედება, გარდაცვალების შემდეგ
10:51:32     11-04-2011
“კრისტის სახლმა” აუქციონზე ლიზ ტეილორის ნივთები გამოიტანა. მათ შორისაა, ხელოვნების ნაწარმოებები, კაბა, ძვირფასეულობა და სხვა ნივთები, რომელიც ცნობილ მსახიობს ამშვენებდა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” იუწყება.
შეთანხმება გარდაცვლილი მსახიობის ნათესავებთან მოხდა. თავად ტეილორმა ჯერ კიდევ 2006 წელს მოითხოვა მისი კუთვნილი სახლის, ძვირფასეულობის, ხელოვნების ნიმუშების და პირადი ნივთების აუქციონზე გატანა, სიკვდილის შემდეგ, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებს უნდა მოხმარდეს. აუქციონის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება, ისევე როგორც ნივთების საწყისი ღირებულება.
“კრისტის სახლმა” მსახიობის სიცოცხლეში მისი კაბა და ძვირფასეულობები ერთხელ უკვე გაყიდა. მაშინ ტეილორმა აღებული ფული შიდსთან ბრძოლის ფონდში გადააგზავნა. 1999 წელს, 167 ათას დოლარად გაიყიდა კაბა, რომელიც ტეილორს “ოსკარების” ცერემონიალზე 1969 წელს ეცვა. მსახიობმა ასევე გაყიდა თავის მეხუთე ქმრის, რიჩარდ ბარტონის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი.
როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ელისაბედ ტეილორი 2011 წლის 23 მარტს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ტეილორი ლოს-ანჟელესში, “Forest Lawn Memorial Park” – ის სასაფლაოზე დაკრძალეს.