"მაგდა პაპიძემ მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა"

  22:57:31     05-01-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. მაგდა პაპიძის ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ.

ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რამდენიმე დღის წინ მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის განცხადება გავრცელდა. ლანა პაპიძე აცხადებს, რომ მაგდა ციხეში მძიმე მდგომარეობაშია და მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა.