შსს-ს წარმომადგენელი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

  11:42:06     29-12-2016

თბილისი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შსს-ს წარმომადგენელი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტების შოთა ხინჩაგაშვილისა და მირიან მალაყმაძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ხინჩაგაშვილსა და მალაყმაძეს პოლიციელებისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებიან. ისინი 10 დეკემბერს გამართული აქციის შემდეგ დააკავეს, რომლის მთავარი მოთხოვნაც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია იყო. პოლიციელების თქმით, აქცია არ იყო სანქცირებული მერიის მიერ. ადვოკატებმა სასამართლოზე მათ პასუხად თქვეს, რომ აქციაზე ბევრი ხალხი იყო, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მოძრაობის შეფერხება და ეს არ ყოფილა დაუმორჩილებლობა.

ადვოკატისვე თქმით, აქციაზე იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ შოთა ხინჩაგაშვილს რომც სდომებოდა უკან დახევა, ვერ დაიხევდა, რადგან ამაში ხელს ხალხის მასა უშლიდა.

სასამართლოში პროცესი უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. მოხდა მცირე ინციდენტიც, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომელიც მსჯელობაში ჩაერია.

კიდევ ერთი პროცესი მალაყმაძისა და ხინჩაგაშვილის საქმეზე 3 იანვარსაა ჩანიშნული.