ჩეჩენი სნაიპერების წარმატებული ტაქტიკა და სტრატეგია

  17:01:09     09-04-2011

სნაიპერული ომის თავისებურებებზე და მის წარმატებულობაზე ჩეჩნეთის ომის მაგალითზე, “პრესა.ჯი” მცირე ხნის წინაც წერდა. ახლა შევეცდებით ცოტა უფრო ფართოდ განვიხილოთ ეს საკითხი. როგორც ცნობილია და ადრეც აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ 1994-95 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, აღმოჩნდა, რომ რუსული არმია სრულიად მოუმზადებელი იყო სნაიპერული ომის წინააღმდეგ ჩეჩნეთში.

 

ამიტომ ელცინის ცნობილი განცხადება, ჩეჩნეთში ომის ორ დღეში დასრულების შესახებ, ომის დაწყებისთანავე მომენტალურად ჩაიფუშა. რუსული არმიის ჯარისკაცთა საკმაოდ მაღალი პროცენტი, მთელი ომის განმავლობაში, სნაიპერული ტყვიის წერა ხდებოდა. თვითმხილველთა მონაცემებით, გროზნოსათვის ბრძოლებში არმიის მერვე კორპუსი 1995 წლის იანვარში, თითქმის მთლიანად სნაპირებული ცეცხლით განადგურდა.

 

ჩეჩენი მებრძოლები ამგვარი ომისათვის საკმაოდ დიდხანს ემზადებოდნენ. აწყობდნენ პოზიციებს, მოქმედებდნენ კოორდინირებულად და აყალიბებდნენ ტაქტიკას. შეიარაღებაც საკმარისი ჰქონდათ. რუსები წერენ, რომ სნაიპერები მოქმედებდნენ ხარისხიანად და სასტიკად. შექმნილი იყო სნაიპერული მობილური ჯგუფები, სადაც შედიოდა სულ რაღაც 4 ადამიანი და მათ მთელი ბატალიონის განადგურება შეეძლოთ.

 

ჩეჩნეთის პირველი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მან სნაიპერული ომი სასტიკად წააგო. უზარმაზარი მსოფლიო “დერჟავა” ჩეჩნეთის პირველიდან მეორე ომამდე გამალებული სწავლობდა სნაიპერული ომის ტაქტიკას და სტრატეგიებს, ტყეში გაჭრილი ჩრდილოკავკასელი მეომრების სნაიპერული სტრატეგიების მიხედვით და საკუთარი არმიის რიგებში მათი გამოცდილების დანერგვას ცდილობდა. ზოგადად კი აღმოჩნდა, რომ რუსული არმია ამ მიმართულებით საერთოდ არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს და შეიარაღებაც არ ჰქონდა შესაბამისი.

 

მოგვიანებით, 1999 წელს, რუსებმა სნაიპერული სწავლების ცენტრი შექმნეს, გაიზავნენ ოფიცრები, ინსტრუქტორები და ექვსი თვის განმავლობაში სნაიპერი-ინსტრუქტორების მომზადება ხდებოდა. შემდეგ რუსები ირწმუნებოდნენ, რომ მათმა მომზადებულმა სნაპერებმა ჩეჩნეთში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

 

ჩრდილო-კავკასიის რეგიონში ბრძოლის სპეციფიკას წარმოადგენს სწორედ სნაიპრების გამოყენება პარტიზანულ ომში. 1999-2000 წლების სამხედრო მოქმედებების დროს, დაღესტანსა და ჩეჩნეთში, ასეთი მოქმედებების მასშტაბი და ეფექტურობა რუსებმა დიდი ხანია აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნები სნაიპერული ომისათვის იყენებდნენ არა მხოლოდ სნაიპერულ შაშხანებს, არამედ ავტომატს, სპორტულ შაშხანებს.

 

9-10 კაციან მებრძოლთა დაჯგუფებას ჰქონდა შემდეგი იარაღი: სხვადასხვა მოდიფიკაციის ექვსი კალაშნიკოვის ავტომატი, ერთი ხელის ტყვიამფრქვევი, ერთი ნაღმტყორცნი, ოთხი-ხუთი ერთჯერადი გამოყენების ნაღმტყორცნი და ერთი სნაიპერული შაშხანა.

 

1999 წლის აგვისტო-სექტემბერში, დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს, მებრძოლებმა, პრაქტიკულად, ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს, ასევე მარშრუტები და უღელტეხილები. ხშირად იცვლებოდნენ ჯგუფები, რომლებიც შედგებოდნენ ნაღმტყორცნელებისა და სნაიპერული წყვილებისაგან.

 

ცოტა მოგვიანებით, 1999 წლის ოქტომბერში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს, შეიარაღებულმა ფორმირებებმა პარტიზანული ბრძოლის მეთოდები შეცვალეს. კერძოდ, მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ხდებოდა შემდეგნაირად: მებრძოლები მოქმედებდნენ 3-5 კაციან ჯგუფებად. ჯგუფში შედიოდნენ: ნაღმმტყორცნელი, „ბომბდამშენი“ და სნაიპერი. ზოგჯერ ასევე დამნაღმველი, რომელიც ჯგუფის ჩავლის მერე ადგილს ნაღმავდა. მათი მოქმედების პრინციპი იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური: ძირითადი ჯგუფი ხსნიდა ცეცხლს სახელისუფლო ჯარების მიმართ, ხოლო სნაიპერი ამ ხმაურში, ირჩევდა ობიექტს და ანადგურებდა მას. მებრძოლები შემოიფარგლებოდნენ მოკლე, ხშირი და წარმატებული სროლებით, საკუთარ მხარეს ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. სნაპირები ხშირად იკავებდნენ პოზიციებს ხეებზე და წარმატებით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს.

 

საბრძოლო მოქმედებების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას იყრობდა საბრძოლო სამეულების მოქმედება. სამეული შედგებოდა სნაიპერის, ნაღმტყორცნელის და მეავტომატისაგან. ეს მეთოდი 1995 წლის ზამთარში გამოიყენეს ჩეჩნებმა. მეავტომატე იწყებდა ბრძოლას, მოწინააღმდეგის დაცხრილვას, სნაიპერი ირჩევდა საცეცხლე წერტილებს და ანადგურებდა მათ, ხოლო ნაღმმტყორცნელი ჯავშანტექნიკას და ავტოტრანსპორტს. ჯგუფები გადაადგილდებოდნენ ძალიან სწრაფად, რათა თავიდან აეცილებინათ ავიადარტყმები, სამხედრო ბანაკზე დაცემისას კი სამეთაურო ჯგუფს ანადგურებდნენ და ასევე აქტიურ სერჟანტებს და ჯარისკაცებს, რათა გამოეწვიათ პანიკა. ჩეჩნებმა, ამას გარდა, სნაპირული მოქმედების ჯგუფების კიდევ სხვა მეთოდებიც შეიმუშავეს, რომელიც ეფექტურად მუშაობდა.

 

ამას გარდა, მოქმედებდნენ მარტოხელა სნაიპერებიც. ისინი თავდაპირველად, დეტალურად გეგმავდნენ თავის მოქმედებას, ირჩევდნენ ნაკლებად შესამჩნევ პოზიციებს, მაგალითად, სახლების მაღალ სართულებს და იქედან ახორციელებდნენ მოქმედებებს. ყველა ეს მეთოდი, საბოლოო ჯამში, გახდა კიდეც მიზეზი გაჭიანურებული სამხედრო მოქმედებებისა, ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, რამაც რუსულ არმიას განსაკუთრებული ზარალი მოუტანა და, ფაქტობრივად, მისი დამარცხებაც გამოიწვია.