ინგუშეთის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

  11:12:44     08-04-2011

 

 

ინგუშეთში განთავსებულ არაფორმალურ ბაზაზე თავდასხმის ახალი დეტალები ვრცელდება. რუსული საინფორმაციო საშულებების ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ავიადარტყმამდე, ბაზის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 მებრძოლი უნდა ყოფილიყო.

 

ამის შესახებ, ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრისას, ინგუშეთის პროკურორმა იური ტურიგინმა განაცხადა.

 

რუსი ჩინოვნიკი ირწმუნება, რომ სამხედრო-საველე ბაზაზე მყოფი სამი ათეული მებრძოლიდან, დაბომბვის შედეგად, 19 მათგანი იქნა ლიკვიდირებული. მათგან 10 უკვე ამოცნობილია. დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.

 

სოფელ ზედა ალკუნთან მდებარე ბაზის სიახლოვეს განხორციელებული სპეცოპერაცია, უკანასკნელი წლების ჩრდილოეთ კავკასიაში, ყველაზე მსხვილმასშტაბიან ღონისძიებად იქცა.

 

მცირე ხნის წინ, სპეცოპერაციის მონაწილე რუსული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ განადგურებულ მებრძოლთა შორის, დოკუ უმაროვიც უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს ინფორმაცია, დღესდღეობით, დადასტურებული არ არის.