შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

  10:21:14     13-12-2016

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული,  წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. გ. თბილისში, გლდანის ხევში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ERMA WERKE EP 882“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).