სამხედროვალდებულება, რეზერვი და გაწვევის პროცედურა საქართველოში

  19:51:00     07-04-2011

რამდენი ახალწვეული გვყავს საგაზაფხულო გაწვევით, რა შემთხვევაში თავისუფლდებიან ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, თუ რა ძირითად შემოწმებას გადის წვევამდელი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და ძირითადად რა სახის  პრობლემებს აწყდება გამწვევი კომისია, ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, გვესაუბრა მობილიზაციისა  და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსი გოჩა ხარშილაძე.

 

- გეგმაზომიერად მივყვებით კანონს, რომელიც 2003 წლიდან არის გაწერილი. მხოლოდ მცირედი შესწორება შევიდა გადავადების პირობებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 იანვრის N 23 ბრძანებულების მიხედვით, საგაზაფხულო გაწვევის ვადა, 2011 წლის 20 იანვრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა. ამ ჯერზე, სულ 3186 პირს გავიწვევთ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევია 1286 წვევამდელი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში - 600 წვევამდელი. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში - 1300 წვევამდელი.

 

- გამოძახების შემთხვევაში, რამდენ ხანში უნდა გამოცხადდეს წვევამდელი შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში? გამოუცხადებლობის შემთხვევაში რა სახის სასჯელია?

 

- გამოძახების შემთხვევაში პირი დაახლოებით 7-14 დღეში უნდა გამოცხადდეს. პირველ ჯერზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მას მეორედ მიუვა გამოძახება, თუ ამჯერადაც არ გამოცხადდა, ასეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს საპატიო მიზეზი, კანონი ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, 30 დღის ვადით. სასჯელის მოხდის, ან ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირი მაინც მიგვყავს ჯარში.

 

- გავრცელდა ხმა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა, ორ წლამდე იზრდება.

 

- ჯერჯერობით, კანონი 12 თვიან ვადას ითვალისწინებს. ამ მხრივ ცვლილებებს არ ველით.

 

- სხვადასხვა უწყებებში გადანაწილებისას, თუ ითვალისწინებთ წვევამდელთა სურვილს?

 

- სავალდებულო სამსახურისას, ყოველთვის ვერ ხდება სურვილის გათვალისწინება. წვევამდელი იგზავნება იმ უწყებაში, რომლიდანაც იმ ეტაპზეა მოთხოვნა მოსული. სურვილის მიხედვით, პირი შეიძლება საკონტრაქტო სამსახურში წავიდეს.

 

- რა რეჟიმში უწევთ ახალწვეულებს სამსახური?

 

- წვევამდელების გადანაწილება, ძირითადად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება. სამსახური უწევთ როგორც ყაზარმულ, ასევე მორიგეობით რეჟიმშიც. იუსტიციის სამინისტროსაც და შინაგან საქმეთა სამინსტროსაც აქვს რეჟიმი, როცა სამ დღეში ერთხელ უწევთ მორიგეობა უკვე სავადებულო სამსახურში მყოფ პირებს.

 

- ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცვლილებები ხომ არ არის?

 

- ანაზღაურება ჩვეულებრივ როგორც ადრე იყო, 15 ლარია ყოველთვიურად, ყველა უწყებაში. იუსტიციის სამინისტრო 70 ლარამდე აძლევს კვების და სამგზავრო ხარჯებისათვის, ეს მაშინ როცა სამ დღეში ერთხელ რეჟიმზე არიან.

 

- ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებით მუშაობის პროცესში და რა ცვლილებები იგეგმება?

 

- ძირითადი, ალბათ, მაინც საკანონმდებლო ბაზის დახვეწაა. არის რიგი საკითხებისა, რომლებიც გასათვალისწინებელია, შესაცვლელია. ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ ამ ეტაპზე რთულია წინასწარ საუბარი.

 

ძირითადი სასურველი ცვლილება, სამედიცინო კომისიების ადგილზე, კომისარიატებში ჩამოყალიბებაა. 2004 წელს, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ადგილებზე სამედიცინო კომისიები გაუქმდა. ეს, იმის გამო მოხდა, რომ კანონი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ შეუთავსებელი აღმოჩნდა კომისიის საქმიანობასთან. უპრიანი იქნებოდა, ძველ სქემაზე დაბრუნება. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

 

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ სამედიცინო კომისიაში მისულ წვევამდელთა 40-50 პროცენტი წუნიანია. ამხელა პროცენტული მაჩვენებლი სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ სამედიცინო კომისიები ადრე ადგილობრივ თვითმმართველობებში იყო და ადგილზე ხდებოდა გაცხრილვა. ჩვენამდე უკვე შედარებით ჯანმრთელი კონტიგენტი ხვდებოდა.

 

- რა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელი?

 

- ბოლომდე კომპეტენტური არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ როგორც ვიცი, აუცილებელ გამოკვლევებში შედის ანთროპომეტრია, თერაპევტის, ქირურგის, ქირურგ-ორთოპედის, სტომატოლოგის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, პტიზიატრის, დერმატოლოგის, კარდიოლოგის გამოკვლევები. ამ აუცილებელ გამოკვლევებს სახელმწიფო აფინანსებს.

 

- ძირითადად, რა დაავადებები გხვდებათ და რა დაავადებებია დასაშვები?

 

- მიმდინარე გაწვევაზე გამოკვეთილი მიმართულებებია, ტრავმატოლოგიური, ფსიქონევროლოგიური და ინფექციური. რაც შეეხება დასაშვებ დაავადებებს, არა დაავადებები, არამედ მათი სიმძიმეა გასათვალისწინებელი. არსებობს დაავადებების მსუბუქი ფორმები, რომლებიც დასაშვებია. ოღონდ, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისტორიაში, რომ ასმეთაურმა გაითვალისწინოს და მისცეს ჯარისკაცს შესაბამისი დატვირთვა. მაგალითად, ჯარს ექვემდებარება პირველი და მეორე ხარისხის ბრტყელტერფიანობა. ასევე თვალზე არსებობს გარკვეული კრიტერიუმი. ოღონდ, ამ შემთხვევაშიც დატვირთვა უნდა იყოს მსუბუქი, ანუ შეიძლება იგი გამოიყენონ ლოჯისტიკაში, დამხმარე ნაწილებში.

 

- თუ განსხვავდება მოთხოვნები წვევამდელების, რეზერვისტების, კადრის და საკონტრაქტო სამსახურის მსურველი პირების მიმართ?

 

- რა თქმა უნდა განსხვავდება. მაგალითად, რაც შეიძლება დასაშვები იყოს რიგითისათვის, ის შეიძლება არ ეპატიოს ოფიცერს. იგივე შეიძლება ითქვას ფიზიკურ მომზადებაზეც. მაგალითად, ძალიან დიდი მოთხოვნები წაეყენებათ პილოტებს, მედესანტეებს.

 

- თუ ხდება შემდგომ ჯარისკაცების მკურნალობა და რა სახის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვს პირს, უკვე ჯარში ყოფნის პერიოდში?

 

- თუ ფიცის დადების შემდეგ გამოვლინდა დაავადება, ხდება ჯარისკაცის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ, ოღონდ მწვავე შემთხვევებში და იგი უკვე ჰოსპიტალს ექვემდებარება. საჭიროების შემთხვევაში, სამხედროს უფლება აქვს ისარგებლოს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის მომსახურებით, რომელიც გორში მდებარეობს.

 

- ბატონო გოჩა, რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი სავალდებულო სამსახურიდან?

 

- გაიწვევა 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც იმყოფება, ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება.

პიროვნება, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნეს;

 

ასევე თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარეს; რომლებიც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის გასამართლდნენ; გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;  სწავლობენ ასპირანტურაში; რომელთაც მინიჭებული აქვთ სამეცნიერო ხარისხი და ეწევიან პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ასევე პირი, რომელიც ერთადერთი ვაჟია ოჯახში, და პირი რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

 

აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

რაც შეეხება გადავადების პირობებს, სავალდებულო-სამხედრო სამსახური პირს შემდეგ შემთხვევებში გადაუვადდება: არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; თუ გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსაკრებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი; ჯანმრთელობის პრობლემების; სამართლებრივი დევნის; პატრონობს შრომისუუნარო ოჯახის წევრს ან წევრებს; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; არის დედისერთა; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; ჰყავს სამ წლამდე შვილი; თუ პირი მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში, მას სავალდებულო სამსახური გადაუვადდება არჩევნების დასრულებამდე, საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან; ასევე, თუ პირი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

 

ამ უკანასკნელ მიზეზთან დაკავშირებით, ხშირია პრობლემები. დროულად ვერ ირკვევა რომელ სასწავლებელს აქვს აკრედიტაცია და რომელს არა. განათლების სამინისტრო გვაწვდის სიებს, რომელი სასწავლებელიც აკრედიტაციას გაივლის. წვევამდელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ცნობა, ფორმა №26, სადაც იწერება, რომელ წელს ჩაირიცხა პირი სასწავლებელში და სავარაუდოდ რომელ წელს დაამთავრებს.

 

- გაურკვევლობა შეიქმნა დედისერთა წვევამდელებთან დაკავშირებით, სრულიად თავისუფლდება თუ არა პირი ჯარიდან თუ, ის დედისერთაა?

 

- სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დედისერთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ გაიწვევა. რაც შეეხება დედისერთის ჯარიდან სრულიად გათავისუფლებას, 27 წლის შესრულებისთანავე იგი ჩაირიცხება რეზერვში და კანონის შესაბამისად დაექვემდებარება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.

 

- რა თანხას შეადგენს გადავადების მოსაკრებელი?

 

- 2006 წლამდე ერთწლიანი გადავადების მოსაკრებელი 200 ლარს ითვალისწინებდა, ხოლო 27 წლამდე გადავება - 2000 ლარს. ახლა, წელიწადნახევრიანი გადავადების თანხად 2000 ლარია დადგენილი. ამით სარგებლობა პირს 2-ჯერ შეუძლია.

 

- ბატონო გოჩა, ძალოვანი უწყებების მოთხოვნები იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასაწვევი ახლაგაზრდების რესურსი, რა კრიტერიუმებით ირჩევა გასაწვევი კონტიგენტი და რა ბედი ეწევა ჭარბ რესურსს?

 

- მოთხოვნა რესურსთან შედარებით მართლაც ძალიან მცირეა. რესურსი რამხელაა ამას ვერ დაგიკონკრეტებთ, ეს საჯარო თემა არ არის. ვცდილობთ გაწვევა უფროსი ასაკის ახალგაზრდებით დავიწყოთ. შერჩევა პირობითად ხდება. ამის მარეგულირებელი მექანიზმი არ არსებობს. თეორიულად შესაძლებელია, რომ პიროვნებამ ზედა ზღვარს, 27 წელს ისე მიაღწიოს, არ მიუვიდეს გაწვევა.

 

- სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რესურსი ყოველწლიურად 45-დან 50 ათასს შორის უნდა მერყეობდეს. აქედან საშუალოდ 4-5 ათასი პირი მიდის ჯარში.

 

- როგორც აღვნიშნე, დამცავი მექანიზმი არ არსებობს თუ ვინმეს სურვილი აქვს და მოგვმართავს, მის მოთხოვნას აუცილებად ვაკმაყოფილებთ. სურველებთან დაკავშირებით მეტსაც გეტყვით. დამატებით არის საკონტრაქტო სამსახური. ვგულისხმობ დაცვის პოლიციის, სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის უწყების საკონტრაქტო სამსახურს. წვევამდელს სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ერთწლიანი ვადით წავიდეს საკონტრაქტო სამსახურში, სადაც წლის ბოლოს ჩვეულებრივ სამხედრო ვალდებულებაც მოხდილად ჩაეთვლება და გადავა რეზერვში. ჩემი აზრით, ეს საკითხისადმი ძალიან დემოკრატიული მიდგომაა.