ამერიკელი ტურისტის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  12:36:13     08-12-2016

თელავის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელი ტურისტის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს თავისუფლების 11-წლიანი აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ ტურისტს, აშშ-ის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს მიხეილ ჭინჭარაშვილი დაემგზავრა. მოგვიანებით მათ ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

"მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

ჭინჭარაშვილი სამართალდამცველებმა 13 აგვისტოს დააკავეს.