დენი გრაფიკით - რა ხდება თბილისში?

  12:05:29     08-12-2016

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური ელექტროენერგიის ტარიფზე ფასის გაზრდის თემა.

ჯერჯერობით, მთავრობა ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს „თელასის“ მოთხოვნა ტარიფის გადახედვის შესახებ. თუმცა, ენერგეტიკოსთა განცხადებით, დენზე გადასახადის ზრდა, ფაქტობრივად, გარდაუვალია.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ჯერ კიდევ წინა კვირაში აცხადებდა რომ ან დენის გადასახადი გაიზრდება ან ე.წ. „გადაუდებელი სამუშაოების საბაბით“, დედაქალაქში ფაქტობრივად, გრაფიკი დაწესდება.

ამ განცხადებიდან მალევე, „თელასმა“, ვითომდა გეგმიური სამუშაოები დააანონსა. კომპანია თითქმის ყოველ დღე თიშავს ელექტროენერგიას თბილისის ამა თუ იმ უბანში.

„სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 6 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება“, - ეს ამონარიდია თელასის გუშინდელი განცხადებიდან, როდესაც ათასობით აბონენტი ამ ყინვა-სიცივეში ენექტროენერგიის გარეშე დრჩა.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება რომ გარდაუვალია დენის ტარიფის გაძვირება ან დაიწყება ვითომ გეგმიური გათიშვები. ფაქტია რომ გათიშვები უკვე დაიწყო.

რაც შეეხება კალაძესა და მის განცხადებებს, ისეთივე არაპროფესიონალური და დილეტანტურია, როგორც მთლიანად "ქო" მთავრობა.

პ.ს. განვმეორდები - ამ პირიბებში ან ძვირდება ტარიფი ან იძულებულია მომწოდებელი კომპანია რომ გვამყოფოს გრაფიკში“, - წერს სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი.

კომპანია „თელასში“ არ უარყოფენ ტარიფის შესაძლო გაზრდას. სამაგიეროდ, კატეგორიულია ენერგეტიკის სამინისტრო. მაგალითად: მინისტრი კალაძე აცხადებს რომ „ამ ეტაპზე დენზე ტარიფის გაზრდა არ განიხილება“.

თუმცა, რა იქნება „იმ ეტაპზე“, ეს, ლარის „კუპონიზაციისა“ და საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდის პირობებში, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.