სოციალური აფეთქების ზღვარზე...

  15:15:44     01-12-2016

ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე კრიტიკულ ნიშნულს ასცდა... ლარი ყოველდღიურად ჰკარგავს ძალასა და საქართველოს მოქალაქეების ნდობას. ხოლო მთავრობა,  კონკრეტული გამოსავლის ნაცვლად, ფასების ზრდასა და უკიდურეს პესიმიზმს გვთავაზობს.

რა ხდება ქართულ ეკონომიკაში. რა გავლენას იქონიებს ლარის „კუპონიზაცია“ ქვეყანაზე, სადაც მილიონამდე ღარიბია და ნახევარ მილიონზე მეტი კომერციული ბანკების „ტყვეობაშია“?

ექსპერტთა ერთი ნაწილი განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა და ფაქტობრივად, სრულ ეკონომიკურ კატასტროფას პროგნოზირებს.

მათი აზრით, ლარის გაუფასურება აუცილებლად გამოიწვევს არა მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდას, არამედ კომუნალური გადასახადების მომატებას, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალური აფეთქების ტოლფასია.

ექსპერტთა მეორე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ნაწილი კი აცხადებს რომ ლარის გაუფასურება და ფასების მომატება დროებითი მოვლენაა და პერსპექტივაში, ეროვნული ვალუტა ისევ დასტაბილურდება.

თუმცა, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ექსპერტებს კონკრეტული არგუმენტების მოყვანა უჭირთ და უფრო ზოგადად, ყოველგვარი ფაქტების მოხმობის გარეშე საუბრობენ, შექმნილ სავალალო მდგომარეობას კი, ტრადიციისამებრ, „რეგიონში დაწყებულ პროცესებს“ უკავშირებენ.

ხოლო მთავრობა, ე.წ. „ლარიზაციის“ გეგმის ფარგლებში სიგარეტის, საწვავის აქციზზე და იმპორტირებულ მანქანებზე გადასახადების მომატებას აანონსებს და წინასაარჩევნოდ დაპირებულ „კეთილდღეობას“ საერთოდ აღარ ახსენებს.

მეტიც, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, მთავრობამ პენსიის დაპირებული ზრდაც კი არ გაითვალისწინა.

კრიზისი შეინიშნება ქართულ ბიზნესშიც.

მთელ რიგ კომპანიებს, ლარის გაუფასურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ჰორიზონტზეც არ ჩანან უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციებს ჩადებენ და ამით, ქართულ ეკონომიკას „რეანიმაციის პალატიდან“ მიანც გამოიყვანენ.

საგარეო ვალები, მომაკვდავი ლარი, კიდევ უფრო გაღარიბების პერსპექტივა, გაძვირებული ცხოვრება და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე, სოციალური მღელვარების რისკს ქმნის, რის გამოც, გამორიცხული არ არის რომ მალე, მაგალითად გაზაფხულზე, მასობრივი აქციები დაიწყოს, რომლის შედეგიც შესაძლოა მძიმე და მტკივნეული იყოს.