"სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება პრიორიტეტია"- შოთაძე

  12:59:50     28-11-2016

დღეს ქვეყნის მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს ხვდება.

საბჭოს სხდომაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ უწყების მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე, სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება:

"ჩემს ანგარიშში მოცემულია სწორედ სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულებების მიმართ ჩვენს მიერ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენი პროკურორების გადამზადება მოხდა ამ მიმართულებით. კარგი ტენდენციები არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვნების სისხლის სამათლებრივ საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით"-თქვა შოთაძემ.

იგი საბჭოს წინაშე საქმიანობის ერთ წელს შეაჯამებს.

ცნობისთვის, 27 ნოემბრის ღამეს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა ორი პიროვნება, რომლებმაც მათ ქვები და მინის ბოთლები დაუშინეს.

25 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს და ცხვირი გაუტეხეს.

რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა ტრანსგენდერი ქალი ზიზი, რომელსაც 15 ოქტომბერს სასტიკად დაუსწორდნენ.

ყველა ეს შემთხვევა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე გამოწვეული სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო.