ალბრეჰტ დიურერი: "ცამ ინება - ჩემი საქმე წინ მიდის”
17:00:18     06-04-2011
1528 წლის 6 აპრილს ნიუნბერგში, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში, გარდაიცვალა ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი რენესანსის ეპოქისა - ალბრეჰტ დიურერი (Albrecht Dürer).
დიდი მხატვარი დაიბადა 1471 წლის 21 მაისს ქალაქ ნიუნბერგში, ბავარიაში. მამა იუველირი იყო, მასაც ალბრეჰტი ერქვა. წარმოშობით უნგრეთიდან იყვნენ. ალბრეჰტ უფროსმა მიატოვა საოჯახო საქმე - მესაქონლეობა, წავიდა სამოგზაუროდ და სასწავლებლად. შეისწავლა იუველირობა, ოქრომჭედლობა და 1455 წელს ნიუნბერგში დასახლდა. უნგრული გვარი აიტოში (Ajtósi), შეიცვალა და იწოდებოდა ჯერ Türer, მერე Dürer. 12 წლის მანძილზე მუშაობდა ადგილობრივ იუველირ იერონიმ ჰოლპერთან. დაქორწინდა მის ქალიშვილზე, ბარბარაზე და გახსნა საკუთარი სახელოსნო. რვა შვილი შეეძინათ, თუმცა მხოლოდ სამი შერჩათ ცოცხალი.
ალბრეჰტ უმცროსს მამის ხელობა ძალიან გამოადგა. იგი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ოსტატად ქსილოგრაფიისა. ქსილიგრაფია არის ხეზე და ლითონზე (სპილენძზე) გრავირება და მერე მისი გამოყენება ქაღალდზე საბეჭდად. იმ დროისათვის დიდი მოთხოვნა იყო გრავიურაზე. დიურერი მუშაობდა როგორც ხის, ისე სპილენძის გრავიურაზე და ძალიან წარმატებითაც. ლითონზე გრავირებაში დაეხმარა მამის გამოცდილება და განსწავლა, რადგან ეს უფრო იუველირების საქმე იყო. ხოლო ხეზე გრავირებას მხატვრები ეწეოდნენ. დიურერი ორივე მიმართულებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან წარმატებული იყო.
მამის სახელოსნოში ოქრომჭედლის ხელობასთან ერთად ხატვასაც სწავლობდა. 14 წლისამ დახატა ჯერ მამის პორტრეტი, მერე ავტოპორტრეტი. “მე თვითონ დავხატე საკუთარი თავი სარკეში, 1484 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავიო. ალბრეხტ დიურერი”, აწერია მის პირველ ავტოპორტრეტს. მამას მნიშვნელოვან ხელოვანად თვლიდა, ამიტომ თავს ალბრეჰტ დიურერი – უმცროსი უწოდა.
15 წლის ასაკში ყმაწვილი ალბრეჰტი მიაბარეს ნიუნბერგის ცნობილ ოსტატს მიქაელ ვოლჰემუტს. იქ დახვეწა თავისი ცოდნა ფერწერაში და სპილენძზე გრავირებაში და ხეზე გრავირებაც შეისწავლა. სწავლის დასასრულს, გავრცელებული ტრადიციით, რათა ოსტატის წოდება მიეღო, გაემგზავრა სამოგზაუროდ. ოთხი წლის განმავლობაში შემოიარა გერმანიის, შვეიცარიისა და ნიდერლანდების ქალაქები, თან აგრძელებდა განსწავლას ფერწერაში და ლითონის დამუშავებაში. გაეცნო რეფორმისტულ ლიტერატურას, ხატავდა პორტრეტებს და აკეთებდა გრავიურებს. 1493 წელს დახატა თავისი ავტოპორტრეტი, რომელსაც წააწერა: "ცამ ინება - ჩემი საქმე წინ მიდის”.
1494 წელს დაბრუნდა ნიუნბერგში და დაქორწინდა. ახალგაზრდა გენიოსმა ცოლად მოიყვანა გავლენიანი ნიურბერგელი ბიურგერის (მოქალაქის), მუსიკოსისა და მექანიკოსის ჰანს ფრეის ქალიშვილი. ალბრეჰტ დიურერი – უფროსი წინასწარ იყო მოლაპარაკებული ჰანს ფრეისთან თავისი ვაჟის ქორწინებაზე. ქარწინება აუცილებელი პირობა იყო ოსტატის წოდების მისაღებად. ოსტატს უნდა ჰყოლოდა შეგირდები. ამიტომ, სახლში უნდა ჰყოლოდა დიასახლისი, რომელიც მათ კვებაზე იზრუნებდა. გარდა ამისა, ოსტატი მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო, ვინც კარგი მოქალაქე გახლდათ, ამისთვის კი ოჯახი აუცილებლად ითვლებოდა. იმ პერიოდში შექმნა ხეზე ამოკვეთილი გრავიურები საერთო სახელწოდებით “მარიამის ცხოვრება”.
XIV საუკუნის დასაწყისში გაემგზავრა იტალიაში. გაეცნო ანდრეა მონტენიას, ანტონიო პოლაიოლოს, ლორენცო დი ქრედის და სხვა ოსტატების შემოქმედებას. რენესანსის ეპოქის შემოქმედთაგან ალბრეჰტ დიურერი – უმცროსი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. გოტიკიდან წამოსული მისი შემოქმედება, რომელმაც ახალი იდეებით, ახალი მიღწევებით, ახალი გამომსახველობითი საშუალებებით შეაბიჯა ისტორიაში, უკვდავია. ჩვენი თანამედროვე მკვლევარები მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩისა და ალბრეჰტ დიურერის შედევრებს სამეცნიერო მიღწევებს უთანასწორებენ. აღორძინების ეპოქის შემოქმედთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სხეულის ფორმების ზუსტ გამოსახვას და სივრცის გადმოცემას. რენესანსის დროის მხატვრებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს მეცნიერების მიმართულებით და სხეულის პროპორციების გამოსახვაში, სამგანზომილებიანი ნახატის შექმნაში, დიდ წარმატებას მიაღწიეს.
1500 წელს არის შექმნილი მისი ერთ-ერთი სახელგანთქმული ავტოპორტრეტი, თუმცა ყველა სახელგანთქმულია. 1505 წელს გაემგზავრა ჰოლანდიაში, სადაც დაავადდა უცნაური ავადმყოფობით, რომელიც მერე მთელი ცხოვრება სტანჯავდა.
დიურერის გენია მრავალმხრივი იყო. საინტერესოა მისი გრავიურა “მელანქოლია”, რომელზეც არის გამოხატული “მაგიური კვადრატი” 4X4. მას დიურერის მაგიურ კვადრატსაც უწოდებენ. რიცხვების ჯამი ყოველი ჰორიზონტალური, ვერტიკალური თუ დიაგონალური სვეტებისა გვაძლევს - 34. 1515 წელს შექმნა სამი სახელგანთქმული გრავიურა, რომელზეც გამოხატულია ვარსკვლავული ცის სამხრეთისა და ჩრდილოეთის და დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს რუკები. ამ გრავიურებზე მუშაობა მიმდინარეობდა ცნობილ მეცნიერებთან ერთად (იოჰან სტაბი და კონრად ჰაუნფოგელი). გამოყენებულია პტოლემეუსის ნაშრომი და რენესანსის ეპოქის მიღწევები. დიურერმა გრავიურებს მიანიჭა მაღალმხატვრული სახე.
გამოცემული აქვს ტრაქტატი “განზომილების სახელმძღვანელო”. რომელშიც ხაზობრივი პერსპექტივის თეორიის გარდა, განხილულია რამდენიმე მათემატიკური პრობლემა, ოპტიკისა და სხვა საკითხები. ამის შემდეგ დიდი მოაზროვნე გატაცებული იყო თავდაცვითი ნაგებობების შექმნის თეორიით. მან დაწერა და გამოსცა ნაშრომი: "რჩევები ქალაქის გამაგრებისათვის".
მთელი ცხოვრება ადიდებდა შემოქმედს თავის დიადი ნაშრომებით. ალბრეჰტ დიურერი წერდა: "ხელოვნება გახლავთ დიადი, მძიმე და კეთილი, ჩვენ კი გვსურს, და ძალაც შეგვწევს, განუზომელი პატივით შევმოსოთ ის, უფლის სადიდებლად”. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: "ადამი და ევა", "ოთხი მახარებელი", " წმინდა სამების თაყვანისცემა", " ღვთისმშობლის შვიდი მწუხარება", "ათი ათასის მოწამეობა”, "კრიალოსანთა ზეიმი", "მოგვთა თაყვანისცემა", "მწუხარე ქრისტე", "სოდომიდან თავის დაღწევა" და სხვა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ლექსების წერა დაიწყო. ის თვლიდა, რომ ადამიანი მთლიანად უნდა დაიხარჯოს, უნდა გამოხატოს ყველაფერი, რასაც განიცდის. მისი პოეზია აითვალწუნა ერთმა ადამიანმა და ლექსებით გამოაჯავრა გამოუცდელი პოეტი. ალბრეჰტ დიურერმა – უმცროსმა ასე უპასუხა:
ყველამ გაიგოს, "დაუჯაბნელი”
ნიურბერგშია ერთი მჯღაბნელი.
გახლავთ საბჭოში უცვლელი კაცი,
ოქმის წერაში გაუწყდა ქანცი.
გალაღებულა და იმედს კვერავს,
რომ თუ ინებებს, დასცინებს ყველას.
გულს შენთებია წყენის ღადარი
და მირჩევს ვიყო მხოლოდ მხატვარი.
მე გადავწყვიტე მივუგო ასე:
არ ვიცი?- ვსწავლობ იმედით სავსე.
მისთვის, რომ სიბრძნე მწამდა ყოველი,
ერთიც ვერ დამგმობს ჭკვათამყოფელი,
და ვინც ერთ საქმეს უზის ყოველთვის,
მას ერთი მდივნის ბედი მოელის...
...
და მეც მასავით რომ არ ვიწვალო,
მთელს სიცოცხლეში მინდა ვისწავლო.
არ მივატოვებ ლექსების წერას,
ეკლად რომ ვექცე მჯღაბნელის მზერას,
გულმოდგინებით მაშვრალთ სადარი
ასე პასუხობს მქირდავს მხატვარი.