ფუტურიზმის ფესვები საქართველოში უნდა ვეძებოთ

  13:23:23     06-04-2011

ასე თუ ისე ყველას გვსმენია ფუტურიზმის შესახებ, ის კი ბევრმა არ იცის რომ მიმდინარეობის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი რუსი პოეტი და დრამატურგი ვლადიმერ მაიაკოვსკია.

ფუტურიზმი ესაა მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა 1907—1909 წლებში. ფუტურისტული ხელოვნების მიზანს გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა კი არა, არამედ ახალი რეალობის შექმნა წარმოადგენს.

ფუტურისტებისთვის დამახასიათებელია წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.

ფუტურისტების აზრით მათი სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.

ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი დაიბადა 1893 წლის 7 ივლისს საქართველოში, ბაღდათში, ვლადიმერ კონსტანინეს ძე მაიაკოვსკის ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში და სამჯერ იქნა დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში.

მაიაკოვსკი პირველმა იხმარა ტერმინი "ფუტურიზმი" 1913 წლის 24 თებერვალს, თანამედროვე ხელოვნების შესახებ დებატებში. რუსულ ლიტერატურაში ფუტურიზმი კუბოფუტურიზმის სახელით შევიდა.

ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი, "ღამე", შევიდა ფუტურისტულ კრებულში "სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას". 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას "ვლადიმერ მაიაკოვსკი", რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი თავის ტალანტს ხელისუფლების სამსახურში აყენებს, წერს პოემას, "ლენინი", 1918 წელს იდგმება "მისტერია-ბუფი", რომელიც ეძღვნება რევოლუციის წლისთავს.

მაიაკოვსკი იყო მემარცხენე მხატვრების გაერთიანებების ლიდერი.

1918 - 1919 წლებში პეტროგრადიდან გადადი მოსკოვში, წერს პოემას "150 000 000", რომელშიც განავითარებს მსოფლიო რევოლუციის თემას.

1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "ლეფი" (მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოიცა ჟურნალი "ნოვი ლეფი", რომლის 24 ნომერი გამოვიდა. 1928 წელს მაიაკოვსკი იმედგაცრუებული ტოვებს ორგანიზაციას და ჟურნალს.

მაიაკოვსკი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მეგობრობდა ისეთ გამოჩენილ პოეტებთან როგორებიც არიან ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი...

1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.

ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე

მიუხდავად იმისა, რომ 1917 წლის რევოლუციით აღფრთოვანებულმა მაიაკოვსკიმ ჭეშმარიტი სოციალისტური მითი შექმნა პოეზიაში, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 1920-იან წლებში პოეტს იმედგაცრუება დაეწყო სოციალისტური წყობის რეალურობის მიმართ. თუმცა სიმხნევით აღსავსე, კოლექტივიზაციისა და სოციალისტური იდეალისადმი მიმართული ლექსების წერას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა. პოეტის კიდევ ერთი ორიგინალობა უკავშირდება უნაზესი ლირიზმისა და მწარე სატირის ურთიერთშერწყმას. ყოველივე აქედან გამომდინარე მაიაკოვსკი ზოგისთვის უდიდესი ლირიკოსია, ზოგი კი მას პარტიის ინტერესების გამტარებელ რუპორად მიიჩნევს.

ფუტურიზმმა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაშიც. 1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი H2SO4.

ფუტურისტი მხატვრები იყვნენ ჯაკომო ბალლა, უმბერტო ბოჩონი, კარლო კარა, ჯინო სევერინი, ლუიჯი რუსოლო, ისინი იყენებენ დივიზიონისტურ ტექნიკას და კუბისტურ ელემენტებს, ერთმანეთში ურევენ ფორმებს, რიტმებს, ფერებსა და შუქ-ჩრდილებს რათა დინამიური შეგრძნება, სულიერი მდგომარეობისა და ხილული სამყაროს მრავალგვარი სტრუქტურების თანადროულობა გამოხატონ.