ბრალდებული თურქი სამხედროები პატიმრობაში რჩებიან

  13:17:13     06-04-2011

თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ უარი განაცხადა იმ 186 მოქმედი და გადამდგარი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებაზე, რომლებიც თებერვალში, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააპატიმრეს.

 

ადვოკატებმა, დაპატიმრებულთა შეწყალების თხოვნით, სასამართლოს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ცნობილია, ერდოგანის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში მხილებულების მიმართ საქმე პროკურატურამ 2010 წლის იანვარში, გაზეთებში გამოქვეყნებული სკანდალური მასალების შემდეგ აღძრა.

 

მასალების მიხედვით, თურქეთის არმიამ, რომელმაც 1960 წლის შემდეგ სამჯერ განახორციელა გადატრიალება, სტამბულის მეჩეთების აფეთქების და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გეგმა მოამზადა, რასაც ხელისუფლების დამხობა უნდა მოჰყოლოდა.

 

თებერვალში სამხედროთა უმრავლესობა დააპატიმრეს და გადატრიალების მომზადების ბრალდება წაუყენეს. თებერვალის ბოლოს სტამბოლში მთავარი ბრალდებული – გადამდგარი თურქი გენერალი ჩეთინ დოგანიც დააპატიმრეს.