არის თუ არა, ვითიბი ბანკი სანდო?

  10:01:00     14-11-2016

უნდა ვენდოთ თუ არა, რუსულ ვითიბის? ბანკი, რომელსაც უცხოური გამოცემების მტკიცებით, რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არც თუ პოპულარულია.

მეტიც, განვითარებულ ქვეყნებში, ვითიბი ბანკი იმდენად საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს რომ ევროკავშირის ლიდერები მის მიმართ სანქციების გამოყენებასაც კი არ გამორიცხავდნენ.

მაგალითად: უკრაინის კრიზისის დროს, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ „შავ სიას“ კიდევ უფრო გააფართოვებდნენ.

Wall Street Journal წერდა რომ ევროკავშირი „შავ სიაში“ ორი კომპანიის დამატებას გეგმავდა. გამოცემის წყაროს ცნობით, მათ შორის ერთერთი რუსული „ვითიბი“ ბანკი იყო.

ცხადია, ევროკავშირი ვითიბი ბანკის „შავ სიაში“ შეყვანის შესაძლო საკითხს ისე არ განიხილავდა, თუ არ იარსებებდა დასაბუთებული ვარაუდი ამ კომპანიასა და კრემლს შორის საეჭვო კავშირების შესახებ.

ცოტა ხნის წინ კი, რუსული „ვითიბი ბანკი“ აშშ-ის სასაქონლე ფიუჩერსების ვაჭრობის კომისია (CFTC) 5 მილიონ დოლარით დაჯარიმა.

სანქციის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ფიქტიური გარიგებები გახდა.

კერძოდ: CFTC-ის ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით, „ვითიბი ბანკმა“ და „ვითიბი კაპიტალმა“ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე 100-მდე სავაჭრო გარიგება განახორციელეს, რამაც ჯამში 36 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თუმცა, ბანკის მიერ სავალუტო რისკების დაზღვევა და კონტრაქტში მითითებული ფასები, საბაზრო რეალობას არ შეესაბამებოდა.