გაერომ კოტ–დივუარში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
11:34:17     05-04-2011
გაეროს სამშვიდობო მისიის ძალებმა და საფრანგეთმა კოტ–დივუარში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი“ გაეროს წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
რამდენიმე საათის წინ, სამხედრო ძალებმა იერიში აბიჟანში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს პოზიციებზე მიიტანა. აბიჟანი რესპუბლიკის ეკონომიკური დედაქალაქია. ავიადარტყმები განხორციელდა გბაგბოს რეზიდენციაზე და საპრეზიდენტო სასახლეზე. ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ტარდება.
როგორც ცნობილია, 2010 წლის ნოემბერში კოტ–დივუარში, პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მასში ოპოზიციურმა კანდიდატმა ალასან უატარამ გაიმარჯვა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ არჩევნების შედეგების ცნობაზე უარი განაცხადა.
ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. 2011 წლის მარტში კოტ–დივუარი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგა.