გრიგოლ ორბელიანის სადღეგრძელო
12:04:35     02-04-2011
1883 წლის 21 მარტს (ახალი სტილით 2 აპრილს) გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი.
გრიგოლ ორბელიანი იყო ორბელ ბარათაშვილის შთამომავალი. გრიგოლის წინაპარი ყაფლან ორბელიშვილი. მამას დიმიტრი (ზურაბი) ერქვა. გრიგოლ ორბელიანის დედა, ხორეშანი ერეკლეს II-ის ასულის, ელენეს ქალიშვილი იყო. მომავალი პოეტი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს (ახალი სტილით 14 ოქტომბერი).
პატარა გრიგოლს წერა-კითხვა ასწავლა ცნობილმა მწიგნობარმა, ანჩისხატის დეკანოზმა, დიმიტრი ალექსი-მესხიშვილმა. შემდეგ გრიგოლი მშობლებმა შეიყვანეს რუსული მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე, მომავალი პოეტი და სამხედრო, გადავიდა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წელს შევიდა იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.
1822 წლიდან მონაწილეობდა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1826-1829 წლებში იბრძოდა სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებისას.
1831 წელს გაემგზავრა ნოვგოროდში სამხედრო დავალებით. 1833 წელს გრიგოლ ორბელიანი დააპატიმრეს 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. 1833 წლის ბოლოს პოეტი გადაიყვანეს ნევის საზღვაო პოლკში, ჯერ რიგაში, მერე ვილნოში (ვილნიუსი). 1837 წელს სამშობლოში დაბრუნდა გადასახლებიდან. შემდეგ წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით, კვლავ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად.
დაპატიმრებამ შეცვალა მისი დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ის ფრთხილი და ვითარებას შეგუებული, რეალისტი ოფიცერი გახდა. თუმცა მისი შემოქმედება მთლიანად რომანტიკულია.
ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი საფუძველი ეროვნულ ტრაგედიაში უნდა ვეძებოთ. მაშინ რომანტიზმი გავრცელებული იყო ევროპაში და საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. აქ კი ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა, ერის უბედურების გამო დაღვრილი სისხლითა და ცრემლებით გაჟღენთილი. გარდა ამისა, ქართული ბუნება რომანტიკულია თავისთავად. ქართველი სამხედროებისათვის ეს ორმაგად გამძაფრებული იყო, ისინი ხომ თავის სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ. ყოველივე ამას არ შეეძლო მათ ხასიათზე არ ემოქმედა. თუმცა, თავს იმართლებდნენ რომ ქართულ საქმეს აკეთებდნენ, როცა საქართველოს ძველ მარბევართ უსწორდებოდნენ. ალბათ როგორი ჟინით და გაცეცხლებით იბრძოდა, საქართველოს დაუძინებელი მტრების წინააღმდეგ... იმიტომაც, მისი სიმამაცე ყველას ხიბლავდა.
"ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დასთხიოს თვისი სისხლი,
არა დაკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!"
გრიგოლ ორბელიანი 1842 წელს შამილისაგან იცავდა ავარიას. სამხედრო და ორგანიზაციულმა ნიჭის გამო მალე დააწინაურეს. 1843 წელს დანიშნეს ავარიის მმართველად. არა ერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია განახორციელა და არა ერთი სტრატეგიული პუნქტი აიღო. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და დამსახურებების გამო მრავალი ორდენით იყო დაჯილდოებული.
1858 წელს გადმოიყვანეს თბილისში კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან. დაინიშნა მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ. 1860-1862 წლებში მთავარმართებლის მოვალეობას ასრულებდა. 1864 წელს მონაწილეობდა გლეხების გათავისუფლების კომიტეტში. იმ დროს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ყმობიდან გაათავისუფლა რუსეთის იმპერიის გლეხები, თუმცა მიწის გარეშე.
1866 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს. ამის შემდეგ პოეტი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, პოლიტექნიკური სკოლის დაარსება, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია და სხვა).
მისი პოეზიის საფუძველი პატრიოტიზმი და რომანტიკული ბუნებაა, რომელიც მის გულში სულდგმულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უხეში რუსული, გენერლის მუნდირი ეცვა. ქართველი რომანტიკოსების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დიად წარსულში და ბუნებაში, კეთილშობილ ხასიათში ხედავდა თავისი პოეტური სულის სიმშვიდისა და სიხარულის ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოეზია ხშირად უიმედობას გამოხატავს, წარსულის დედება მაინც მომავლისაკენ გატყორცნილი იმედია.