“დილეგია ეს ქვეყანა”

  17:13:19     01-04-2011

1431 წელს დაიბადა ცნობილი ფრანგი პოეტი ფრანსუა ვიიონი (François Villon).

მასზე ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მწირია. რვა წლის ასაკიდან იყო ობოლი და გაზარდა ნათესავმა გიიომ დე ვიიონმა. გიიომ დე ვიიონი იყო პარიზელი სასულიერო პირი, წმინდა ბენედიქტეს ეკლესიის კაპელანი. პოეტი შემდეგში ამბობდა, რომ გიიომ დე დე ვიიონი ჩემთვის მამაზე მეტი იყოო. 12 წლისა მოეწყო ხელოვნების მოსამზადებელ ფაკულტეტზე პარიზის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1449 წელს ბაკალავრის ხარისხით. სამი წლის მერე გახდა ხელოვნების ლიცენციანტი (ხარისხია დოქტორობის გზაზე. ლექციების წაკითხვის უფლებით და სხვა) და მაგისტრი. შეეძლო ემუშავა მასწავლებლად და ა. შ..

 

პარიზის საშუალო ფენა იმ პერიოდში გაღატაკებული იყო ასწლიანი ომის გამოისობით. ამ დროს უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომი (1337-1453). ფრანსუა აღმოჩნდა დეკლასირებულ, კრიმინალურ ელემენტებს შორის. თუმცა იღებდნენ პარიზის პრევოს (მეფის წარმომადგენლის) სახლში, სადაც პოეტები იკრიბებოდნენ.  პრევო მფარველობდა ნიჭიერ პოეტს. მას მიუძღვნა კიდეც ერთი ნაწარმოები ფრანსუამ, მისი ქორწინების აღსანიშნავად. 1450-იან უკვე წლებში ცნობილი იყო როგორც შესანიშნავი პოეტი. მისი სტუდენტური ცხოვრება ცოტა აირია კიდეც.

 

1455 წლის 5 ივლისის საღამოს მას თავს დაესხა აბატი ფილიპე სერმუაზი. ჩხუბში, რომელიც ალბათ ქალის გამო მოხდა, ფრანსუა ვიიონმა სასიკვდილოდ დაჭრა მღვდელი. პოეტი იძულებული გახდა პარიზიდან გადახვეწილიყო. მღვდელმსახურმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ ჩხუბი მან დაიწყო და შეუნდო ფრანსუას. სამეფო სასამართლომ, რომელსაც ფრანსუამ ორჯერ მიმართა, პოეტი უდანაშაულოდ ცნო.

 

მაგრამ, შვიდი თვის მანძილზე, რაც მას გადახვეწა მოუწია, ფრანსუას ცხოვრება აირია. უფულო, არსებობის საშუალებას მოკლებული გენიოსი პოეტი მოხვდა ცუდ საზოგადოებაში, დაუკავშირდა დამნაშავეთა სამყაროს. როგოც ეჭვობდნენ, პოეტი მონაწილეობას იღებდა ორ ძარცვაში. პარიზში დაბრუნდა 1456 წლის დასაწყისში. შობის ღამეს კი ორ თანამზრახველთან ერთად გაძარცვა ნავარის კოლეჯი, საიდანაც მოიპარეს 500 ოქროს ეკიუ. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო იმ დროს. ქურდებმა ფული გაიყვეს და ფრანსუამ გადაწყვიტა გაცლოდა პარიზს. ძარცვის ღამეს დაუწერია სახუმარო გზავნილი, გამოსალმება მეგობრებისადმი, თავისი ცნობილი ნაწარმოები "მცირე ანდერძი" (Le petit testament).

 

რამდენიმე თვის მერე კოლეჯში აღმოაჩინეს რომ ფული დაკარგულიყო, გაირკვა ქურდების ვინაობაც. ამიტომ ფრანსუა ვიიონმა პარიზში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

 

პოეტმა ხუთი წლის მანძილზე მოიარა თითქმის მთელი საფრანგეთი, ბრეტონიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ერთ ხანს კარლოს ორლეანელის სასახლეში ცხოვრობდა.

 

1460 წელს პატარა ჰერცოგის ასულის, მარია ორლეანელის პატივსაცემად ციხიდან გაათავისუფლეს. 1461 წელს ლუდოვილი XI-ს ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით კვლავ შეიწყალეს და გაათავისუფლეს ციხიდან. დაბრუნდა პარიზში და სიკვდილის წინათგრძნობით შეპყრობილმა დაწერა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები "დიდი ანდერძი".

 

1462 წელს დაიჭირეს ქურობისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს არ იყო დამნაშავე. მერე მისმა ამხანაგებმა მძიმედ დაჭრეს პაპის ნოტარიუსი. ისევ დააპატიმრეს პოეტი, თუმცა ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია. აწამეს. მიუსაჯეს ჩამოღრჩობა. სწორედ მაშინ დაწერა ცნობილი ლექსი "ჩამოღრჩობის წინ", სადაც საკუთარი სიცოცხლისადმიც კი ირონიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს:

 

“ფრანსუა ვარ, ესეც ისე,

მაწევს, როგორც განაჩენი...

ეუწყება მალე კისერს,

რას იწონის გავა ჩემი”.

 

თუმცა ჩამოღრჩობა 10 წლით გადასახლებით შეუცვალეს პოეტს. ამის მერე ფრანსუა ვიიონის შესახებ ცნობები აღარ ჩანს. როგორც ფიქრობენ, გაძევებულს, ალბათ, დიდხანს არ უცოცხლია. მისი წიგნი გამოვიდა 1491 წელს და ის შეუსწორებელი იყო...

 

ფრანსუა ვიიონზე გავლენა მოახდინა ფლამანდრიულმა ფოლკლორმა, მისმა ნატურალიზმმა და XII-XIV საუკუნის ზოგიერთმა პოეტმა. მისი რეალისტური და სარკაზმით სავსე პოეზია ხშირად რეალისტურია, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე. მისი პოეზია გრძნობებითაა სავსე, დიდი ადგილი უჭირავს ლირიკას. მომავალი დროის პოეტებზე ფრანსუა ვიიონმა დიდი გავლენა იქონია.

  

დამოძღვრის ბალადა                                

 

(თარგმანი ფრანგულიდან  დავით წერედიანისა)

 

უგნურნი, ტრელნი, წბილნი,

ხელმრუდენი, გზაბრუდენი,

ვინც ადგახართ ცოდვის ბილიკს,

წაღმართისკენ არ ბრუნდებით,

მოდით გონზე, თორემ ვინძლო

სახრჩობელამ გიმასპინძლოთ.

განა ცოტა თქვენთაგანი

სამარცხვინოდ დაისაჯა,

გულში შურით, ხელში დანით

ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

 

სანამ გვიყვარს ძმა და თვისი,

ძნელსათმენსაც ვითმენთ მანამ,

თორემ განა ჩვენ არ ვიცით,

დილეგია ეს ქვეყანა.

გზვერავს შლეგი, სად და რა დროს

გეცეს, ყელი გამოგღადროს.

ღმერთს მაშინღა გაიხსენებს,

როცა თოკი ცისკენ ქაჩავს.

ო, რა მწარედ იმტვრევს ხელებს,

ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

 

შხამის ლესვა, ყაჩაღობა,

გული ხელით, სული კბილით,

,,არ დამასწრონ”! - უნდო ყოფა,

,,არ წამასწრონ”! - უნდო ძილი

ნუთუ გვიღირს? ნუთუ გვიღირს

ვამჯობინოთ გმინვა ღიღინს?

არა! ღმერთში დაემტკიცეთ!

სინანული - ცრემლი - აჯა!

ბოლო-ბოლო, თავში იცემს,

ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

  

ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ ძმები,

ისიც გვყოფნის გასაძლები,

იოლ ბრუნავს მართლის გზები,

ონავრისა - ღმერთმა ხვანჯა!

ნუ გგონიათ, ასცდეთ ხიფათს,

ია-ვარდი არვინ კრიფა,

ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს!

 

ანდაზების ბალადა                                     

 

(თარგმანი ფრანგულიდან  დავით წერედიანისა)

 

იმდენი ალტვეს, გაფოთლეს ძელი,

იმდენი ჩხიბეს, დახარეს პინა,

იმდენი ბერეს, გაცეტდა ბრძენი,

იმდენი კვერეს, დაიმსხვრა რკინა,

იმდენი აშრეს, დაულპათ ხილი,

იმდენი ფიცეს, დაკარგეს ნდობა,

იმდენი კოცნეს, გაგუდეს ჩვილი,

იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.

 

იმდენი ფერეს, გალიეს ხმალი,

იმდენი მწყემსეს, გაფანტეს მრევლი,

იმდენი ჩქმიტეს, შვილს ელის ქალი,

იმდენი ვბუქნე, შემხვდება ცრემლი,

იმდენი აზრი, რამდენიც თავი,

იმდენი გმობა, რამდენიც მკობა,

იმდენი ჩასხდა, ჩაინთქა ნავი,

იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.

 

იმდენი რეკეს, დაეხშოთ სმენა,

იმდენი კვალეს, წაშალეს კვალი,

იმდენი თმენა, რამდენიც რწმენა,

იმდენი ხვალე, რამდენიც ვალი,

იმდენი ხეხეს, გავარდა ძირი,

იმდენი ქარგეს, მოირღვა ქობა,

იმდენი ჭირი, რამდენსაც ვყვირი,

იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.

 

პრინცო, იმდენი აყმუვლეს მგლები,

იმდენი მოძღვრეს, ანატრეს ცხვრობა,

იმდენი ურტყეს, დაბრძენდა შლეგი,

იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.

  

ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე   

 

(თარგმანი ფრანგულიდან გივი გეგეჭკორისა)

                       

რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა

ფლორა, დიადი რომის მშვენება,

ან თაისი და არქიპიადე

სად გაიტაცეს დროის ცხენებმა;

ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა,

და დაცემული ტბაზე ბინდები,

ან ის სინაზე და ჯადოქრობა?..

სად არის თოვლი შარშანწინდელი?

 

ან ელოიზა დრომ სად ისროლა,

რომლის მშვენებამ პიერ აბელარს

არგუნა ბედად საჭურისობა

და სიყვარულის სული შთაბერა;

ან დედოფალი სად გაქრა, რომლის

ნებით აქაფდა სენის ზვირთები

და ბურიდანი ისროლეს ტომრით?..

სად არის თოვლი შარშანწინდელი?

 

დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ,

სადღაა მისი ხმა და მაისი.

ან დიდფეხება სად არის ბერტა,

ან არამბურჟის სახლი მაინზე;

ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა,

რომ აგიზგიზდა მისი დიდების

ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან...

სად არის თოვლი შარშანწინდელი?

 

ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს,

ქრება ციმციმიც მარგალიტების

და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს:

სად არის თოვლი შარშანწინდელი?