შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

  02:11:22     09-10-2016

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე განთავსებული 90-ე საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. 

”შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამართალდამცველები. მათ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია," - ნათქვამია განცხადებაში.