15 წლის მოზარდის მკვლელობით დასრულებული კონცერტი - რა მოხდა ქვემო ფონიჭალაში?
19:07:48     30-09-2016
ტრაგედია, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას ორგანიზებით გამართული კონცერტის სიახლოვეს დატრიალდა. ქვემო ფონიჭალაში გამართული კონცერტი 15 წლის მოზარდის მკვლელობით დასრულდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდამ კონცერტზე მყოფებს ასე მიმართა: „რა გეკონცერტებათ“, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დროს, 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაიჭრა მძიმედ. თუმცა, საუბრობენ სხვა ვერსიებზეც. მაგალითად, იმაზე რომ მოკლულს, შემთხვევით, მეგობრის მიერ სხვისთვის მოქნეული დანა მოხვდა გულ-მკერდის არეში.
დაჭრილის გადარჩენა, 3 საათიანი ოპერაციის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ექიმთა თქმით, მას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია აცხადებს რომ მკვლელობა არა მისი კონცერტის სიახლოვეს, არამედ ზემო ფონიჭალაში მოხდა, თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებენ ფაქტები და გარემოებები.
თვითმხილველთა განცხადებით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ზუსტად იმ ადგილას დაიწყო, სადაც კონცერტი მიმდინარეობდა, რომელიც მოგვიანებით, იქვე გაგრძელდა და დაჭრით დასრულდა, რამაც საბოლოო ჯამში, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში - 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
"მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა ქართული ოცნების აქტივისტმა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მთელ პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას დავდოთ ამაში ბრალი, როგორც ეს თავის დროზე ძალიან სამარცხვინოდ გააკეთეს ქალბატონმა ბერიკაშვილმა და ქართული ოცნების მაშინდელმა წევრებმა. ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას ვგულისხმობ. ეს არ არის სწორი მიდგომა და ადამიანი, რომელმაც ეს მკვლელობა ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, ეს ცალსახად მინდა, რომ გამოვკვეთო.
თუმცა, აქვე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ეკისრება იმ გარემოს გამო, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ესაა გარემო, რომელშიც კრიმინალი გაძლიერებულია. ესაა გარემო, რომელიც „გაგებით მოკიდების" პოლიტიკის შედეგია, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა. ესაა გარემო, რომელშიც ადამიანებს შუა ქუჩაში კლავენ, მათ შორის, კალაშნიკოვით.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ესაა შედეგი ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი იყო როგორც ქართული ოცნების კონკრეტული კანდიდატის, ისე შსს-ს მხრიდან დამოკიდებულება, რომლებმაც იმის მაგივრად, რომ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და პრობლემაზე ესაუბრათ და მიესამძიმრებინათ, დაიწყეს იმის გარკვევა და იმაზე ჰქონდათ მთელი აქცენტი, თუ კონცერტიდან რამდენი მეტრის მოშორებიდან მოხდა ეს მკვლელობა. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგი კაპანაძემ.