"ეს არის წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა"-ახალაიას ადვოკატი

  18:07:11     20-09-2016

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისათვის ბრალის წარდგენას "წინასაარჩვენო საცირკო წარმოდგენას" უწოდებს. ზაქარეიშვილის თქმით, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი ქმედებაა.

"ბატონ დავით ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა გახლავთ ქართული ოცნების ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით – "მეტი ბრალდება – მეტი პრემია!"... მოგეხსენებათ, ე.წ. 26 მაისის აქცია, იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. 

აქციები ორგანიზებული გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, "ეგვიპტური სცენარის" საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. 

აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ. რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ", - წერს ადვოკატი საკუთარი Facebook-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავებების ფაქტზე, ბრალი დათა ახალაიასა და კუდი-ს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენა.