შსს-მ იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავა

  09:03:00     15-09-2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება შსს-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ გააკეთა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტად ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ამის შემდეგ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს კაჭარავამ და ზურა ჭ.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ეს თანხა გამოსძალეს, რა დროსაც დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლებია აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე. 

შსს და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, მათ შორის სისტემის შიგნით. მომავალშიც ეს უკომპრომისო ბრძოლა გაგრძელდება", - განაცხადა თეა პერტაიამ.