კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება

  22:57:05     13-09-2010

ევროკავშირის ახალი პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს. საუბარია იმაზე თუ რას მოიგებს საქართველო დეკლარირებული ევროპული პოლიტიკით – „თანამშრომლობა აღიარების გარეშე“.

ბებერ კონტინენტს აფხაზეთის კრემლის კლანჭებიდან გამოგლეჯვა სურს. მაგრამ ამ რთული გზის გავლისას რა მექანიზმებით მოხდება სოხუმის ერთიან საქართველოში დაბრუნება? ეს კითხვა რეალურად პასუხგაუცემელია და ზოგად მსჯელობის ჩარჩოებს არ სცდება.

შეგახსენებთ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლის პიტერ სემნების განცხადებას, რომ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, „აფხაზეთში არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“.

„ჰუმანიტარული კუთხით აფხაზეთში ბევრი რამ უკვე გაკეთებულია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ასევე შეიძლება გარკვეული საკითხების მოგვარება საგანმანათლებლო პროგრამების განხორცილების მიმართულებით. გარდა ამისა, შეიძლება, სატრანსპორტო საკითხები იქნეს განხილული. კერძოდ, არსებობს იმის პოტენციალი, რომ სამხედრო გზის არტერია აღდგეს.

არის კიდევ ერთი სფერო, რომელიც ბევრს გვპირდება და რომლის ირგლივ თანამშრომლობა შეიძლება – კონტრაბანდასთან და დანაშაულთან ბრძოლა. ყველა ეს საკითხი, პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, აუცილებლად უნა მოგვარდეს, რადგან ეს ყველას ინტერესებში შედის. ასე, რომ, არის ბევრი სფერო, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია“, – აცხადებს სემნები.

სემნების განმარტებით, მას მხედველობაში აქვს სხვადასხვა ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტების განხორციელება. „თუ პირველი ნაბიჯი წარმატებული იქნება, მას სხვა შესაძლებლობებიც მოჰყვება. ჩვენი მიზანია, ჩართულობა აფხაზეთის მოსახლეობასთან კავშირის განვითარებისთვის, რათა ამ ხალხმა თავი ევროპელად იგრძნოს. ნათელია, რომ ეს ევროპული მიწაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ამდენად, პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტის გარეშეც კი ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – მიაჩნია სემნების.

„პრეზიდენტი“ ბაღაფში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სოხუმის რეჟიმს აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება ესმის. მისი თქმით, აფხაზეთი ევროპული ქვეყანაა და არ არის საჭირო მისი ციხედ გადაქცევა.

„აფხაზეთი არ უნდა განიხილონ საქართველოს ნაწილად. ჩვენ უნდა მიგვიღონ როგორც აღიარებული ქვეყანა, უპირველესად რუსეთის მიერ და ასევე არაევროპული ქვეყნების მიერ. გვესმის სიტუაცია, აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის, აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომა, აღიარებას არ მოვითხოვთ და დიალოგისთვის ღია ვართ, თუმცა, პოზიტივისთვის წინსვლა აუცილებელია“, – აცხადებს ბაღაფში.

სტარტი აღებულია და ევროკავშირი ოკუპირებული აფხაზეთისთვის რამდენიმე მილიონი ევროს გამოყოფასაც აპირებს. თუ რას მიიღებს ამ პოლიტიკით საქართველო და მისი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, ამაზე „პრესა.გესთან“ პოლიტოლოგი სოსი ცინცაძე საუბრობს.

სოსო ცინცაძე: „სერთოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც შეასუსტებს რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ნებისმიერ საკითხს ჩვენ სწორედ ამ კუთხით უნდა მივუდგეთ.

მაგრამ ევროკავშირი აფხაზეთთან განსაკუთრებულ პოლიტიკას იწყებს და მას ფულსაც კი აძლევს. მართალია ოთხი თუ ექვსი მილიონი ევრო ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მერე უფრო მეტს მისცემენ. რატომ აკეთებენ ამას? იმისთვის, რომ აფხაზეთი გაძლიერდეს. უფრო მეტი ხარისხით დამოუკიდებელი გახდეს და ამავე დროს რუსეთისგანაც რაც შეიძლება მეტი თავისუფლება და თვითმყოფადობა მიიღოს.

ასევე საუბარია ცხინვალის რეგიონის მდგომარეობაზეც. იქ როგორმე რუსეთის, კრემლის გავლენა რომ შემცირდეს, ამისთვის ოკუპირებულ რეგიონებში დასავლეთის გავლენა განუხრელად უნდა გაიზარდოს. ამავე დროს დასავლეთის გავლენა ნიშნავს იგივე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ე.წ. „სახელმწიფო სტრუქტურების“ გაძლიერებას, ინფრასტრუქტურების გაუმჯობესებას და ა.შ.

მოკლედ, საქართველოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის“ გაძლიერებაზეა საუბარი. მაგრამ აქ ასეთი კითხვა იბადება – კი მაგრამ, ამით საქართველო რას იგებს? თუ აფხაზეთი გაძლიერდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, დავუშვათ პროდასავლური სახელმწიფო. ეს გარანტიაა იმისი, რომ მერე აფხაზები ჩვენთან ერთად ცხოვრებას მოინდომებენ?

ისინი არ იტყვიან, რომ ჩვენ უთქვენოდაც კარგად ვცხოვრობთო? უთქვენოდაც ჩვენ უკვე ევროპაში პირდაპირი გასასვლელი გზა გვაქვსო. თბილისის გავლით რატომ ვიაროთ ევროპაში, როდესაც პირდაპირი „ხოდით“ დავდივართო. ეს არის კითხვები, რომლებიც გონივრულ, აწონილ–დაწონილ პასუხებს და შესაბამის ქმედებებს მოითხოვს.

პრინციპში ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა მეზობელ სომხეთთან მიმართებაშიც. როგორმე სომხეთი რუსეთს გამოვგლიჯოთ და თურქეთს (ამ გზით დასავლურ სამყაროს) მიებასო. მაგრამ ერევანთან დასავლეთის სტრატეგიის აქილევსის ქუსლი აზერბაიჯანი და მისი ოკუპირებული ტერიტორიებია.

ბოლოს მაინც გავმეორდები და ვიტყვი: დასავლეთის ნებისმიერი გონივრული მცდელობა, რომელიც ოდნავ მაინც შეასუსტებს რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.“