აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

  16:19:14     05-09-2016

5 სექტემბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ისინი საზოგადოებას  ახალ საბანკო პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს წარუდგენენ.

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგრო სექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს - აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს  მრავალწლიანი  ბაღების  გასაშენებლად,  გრძელვადიანი საშეღავათო  პერიოდით შეუძლიათ. სესხის  პროცენტს ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს  სახელმწიფო.  ფერმერი კი სესხის  გადახდას   მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი  მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი,  რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც  ფლობენ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.