"რა გააკეთა პროკურატურამ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო?"

  11:18:08     30-08-2016

"პასუხი უნდა გაეცეს, რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში"- ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი პროკურატურის განცხადებას დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე.

უჩა ნანუაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

სახალხო დამცველის თქმით, გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადმიანის უფლებათა დარღვევაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფაზე და დამკვიდრებულია, როგორც მიღებული პრაქტიკა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლებით წაუყენა. ამ დროისთვის პოლიციელი, რომელზეც სტურუა წერდა, მიმალვაშია.