ზღვაში დაკარგული ქართველი ჯარისკაცების ძებნაში თურქეთიც ჩაერთო

  13:14:52     18-08-2016

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა. თურქეთის საზღვაო ძალების მცურავი საშუალება, რომელიც შესაბამისი პერსონალით არის დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 19 აგვისტოს შემოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით უკევ შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო.

ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  აწარმოა, რის შემდეგაც თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური დაუყონებლივ ჩაერთო სამუშაოებში.

საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობაც.