საქართველოს იმაზე გაცილებით მეტი სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
10:36:12     03-05-2011
რუსულ ინტერნეტ-საიტებზე ხშირად ნახავთ სტატიებს, რომელიც ქართველების ლოგიკურ პროტესტს იწვევს და მიუხედავად სურვილისა, პასუხის გაცემის საშუალება არ გვაქვს. მინდა, გაგაცნოთ რუსი ჟურნალისტის სერგეი ტურჩენკოს ერთი ასეთი სტატია რუსეთ-საქართველოს შესახებ, რომელსაც ბოლოში დართული აქვს, როგორც ჩვენი, ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამხედრო მონაცემები. რამდენად მივა რუსი ჟურნალისტების ყურამდე არ ვიცი, მაგრამ თავს უფლება მივეცი, მცირე კომენტარების სახით, სტატიაში ჩანართები გამეკეთებინა იქ, სადაც რუსი ჟურნალისტის ნათქვამმა ჩემი, როგორც ქართველის პროტესტი გამოიწვია.
სერგი ტურჩენკო: ბევრი ექსპერტის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ახალი სამხედრო კონფლიქტის გაღვივების შანსი რუსეთსა და საქართველოს შორის, სულ უფრო იზრდება. სააკაშვილის 2.5 წლის წინანდელი აგრესიული რიტორიკა, რომელმაც პრაქტიკულად მთელი არმია დაკარგა, აქამდე თუ მხოლოდ სევდიან ღიმილს იწვევდა, დღეს, მის სიტყვებს სრულიად გადაიარაღებული საქართველოს არმია აძლიერებს.
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, არაერთ რუსულ საიტზე ნახავთ ქირქილს, რომ საცოდავმა საქართველომ სამხედრო ბიუჯეტი საგრძნობლად შეამცირა, ახლა კი გამოდის, რომ სეკვესტრირებული სამხედრო ბიუჯეტის მიუხედავად, საქართველოს მთელი არმია გადაუიარაღებია. რას გულისხმობს მთელი არმიის დაკარგვაში რუსი ჟურნალისტი, ესეც საინტერესოა.
სულ ცოტა ხნის წინ, ერთერთი ტელეხიდისას სააკაშვილმა განაცხადა, „ჩვენ, რუსეთს, ყოველთვის მხოლოდ მტრის რანგში, ხოლო აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ოკუპირებულ ტერიტორიებად განვიხილავთ. ოკუპაცია კი, მოგეხსენებათ, დეოკუპაციით მთავრდება. მანამდე არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც იდგება. ადრე, ჩვენ, ჩვენს სამხედროებს წესრიგის აღდგენის, სამშვიდობო და არა საბრძოლო მოქმედებებისთვის ვამზადებდით, ახლა, პირიქით იქნება. ამისთვის ქართული არმია გაიზრდება როგორც რიცხობრივად, ასევე შეიარაღების მხრივ.“ რა დგას ამ აგრესიული ოცნების უკან, უბრალოდ ტრაბახი თუ რეალობა? ინტერესდება რუსი ჟურნალისტი და აგრძელებს: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად, ოკეანისგაღმა მცხოვრები „ძია სემის“ იმედის გარეშე, არამხოლოდ ომის დაწყებას, ზემოთ აღნიშნული სიტყვების თქმასაც ვერ გაბედავდა. ტყუილად კი არ შეარქვეს მიშას ჟურნალისტებმა „ამერიკელი ბიჭუნა“. სააკაშვილი თავისი არაადექვატურობის მიუხედავად, ნამდვილი საჩუქარია ამერიკისათვის, რომელსაც კავკასიაში სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად იყენებს.
რუსების კიდევ ერთი მითი, რომ მათ საქართველო კი არა, ამერიკა ეწინააღმდეგება და საქართველო მხოლოდ აშშ–ს ბრძანებებს ასრულებს. საინტერესოა, ზვიად გამსახურდიასაც ძია სემი მართავდა? რაც შეეხება „ამერიკელ ბიჭუნას“, რუსი ჟურნალისტების, იგივე ფსბ–გრუს აგენტურის მიერ შერქმეული მეტსახელი, ალბათ საამაყოც არის.
რუსეთის შესავიწროვებლად კავკასიაში, აშშ–ს და საქართველოს იმაზე მეტი სამხედრო ძალა სჭირდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჰყავთ თუ არა მათ ასეთი ძალა რეგიონში რეალურად? სვამს კითხვას ჟურნალისტი და თავადვე სცემს პასუხს: რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ელექტრონული ცნობათა ბიუროს ინფორმაციით, სააკაშვილის რეჟიმმა დასავლეთის დახმარებით მთლიანად აღადგინა ომამდელი საბრძოლო პოტენციალი. იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში, საქართველოს შეიარღებული ძალების პოტენციალი არსებითად აღემატება იმ ნიშნულს, რაც მას რუსეთთან ომამდე ჰქონდა.
სტატიის დასწყისში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ 2008 წლის აგვისტოში, მთლიანად გაგვინადგურდა სამხედრო პოტენციალი, ახლა კი ამბობს, რომ ომამდელზე უფრო ძლიერი არმია გვყავს. რა გამოდის, რომ 2009–2010 წლებში, მთლიანად განადგურებული არმია თავიდან შეიქმნა და უფრო გაძლიერდა? რა საშუალებებით? თუ ვინმე არგუმენტად ქვემოთ დასახელებულ შეიარაღებასა და ციფრებს დამისახელებს, მაშინ ვეტყვი, რომ ეს, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკითაც იარაღდებოდა საქართველო 2006, 2007, 2008 წლებში.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს არ დაუწესა ემბარგო სამხედრო ტექნიკაზე. სამხედრო პოტენციალის აღდგენა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა: ინფრასტრუქტურის განვითარება, იარაღის შესყიდვა დანაკარგების ასანაზღაურებლად და სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება უახლესი მეთოდებით.
სამხედრო ობიექტების მშენებლობა, იარაღის შეძენა და პირადი შემადგენლობის წრთვნები, არაფერია ამაში ისეთი, რაც 2008 წლამდეც არ ხდებოდა.
2009 წლის სექტემბერში ამერიკას საქართველოში 100 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებისა და საბრძოლო დანადგარების შეტანა შესთავაზეს, ამ თხოვნის საპასუხოდ ამერიკისგან წამოვიდა წინადადება, რომ საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღი, ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შემოეტანათ.
დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში რაიმე ტიპის სამხედრო შეიარაღება შემოიტანა არ დასტურდება, თუ არ ჩავთვლით 2008 წლამდე ბუშმასტერის ფირმისგან შეძენილ M4–ებს, რომლებიც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა.
გარდა აშშ–სი, საქართველოს აიარაღებენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, სამწუხაროდ უკრაინაც, ოღონდ ეს ვიქტორ იანუკოვიჩის სათავეში მოსვლამდე ხდებოდა. საქართველომ ისრაელისაგან მიიღო უპილოტო საფრენი აპარატები და 50 ათასი დოლარის ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი, თავისი საბრძოლო მასალით, ბულგარული ფირმა „არსენალისგან“: АКС-74 – 1000; РПГ-7 – 20 000; 5.56 მმ–იანი შაშხანა – 15 000.
რუს ჟურნალისტს, შევახსნებთ, რომ ეს 2008 წლამდე დადებული ხელშეკრულების შესრულება იყო.
ბულგარეთი ასევე აიარაღებს საქართველოს საარტილერიო დანადგარებით (იგულისხმება მოძველებული, საბჭოთა სისტემის ჰაუბიცები), თურქეთი – БТР–ებით (ეჯდერებით), ბრონირებული საბრძოლო მანქანებით „კობრა“. 2010 წლის ზაფხულში საფრანგეთმა საქართველოსთან ხელი მოაწერა მემორანდუმს 2 ვერტმფრენის AS-332 „სუპერ პუმა“ მიყიდვის შესახებ (ამ ვერტმფრენების საქართველოს „არსენალში“ მოხსენიება ცოტა უადგილოა, რადგან ეს „პუმები“ ძირითადად სამოქალაქო დანიშნულებით გამოიყენება).
მაგრამ, მიუხედავად საუკეთესოდ შეიარაღებული არმიისა, საქართველო დამოუკიდებლად მაინც ვერ შეძლებს რუსეთისათვის სასურველი წინააღმდეგობის გაწევას, ამისათვის გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. უახლოეს მომავალში აქ მასიურად დაიწყება ამერიკელი სამხედროების გადასროლა. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის ჩამოყალიბება, უახლესი მომავლის საკითხია. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ თურქეთის ფაქტორი რეგიონში, რადგან თურქეთი ფეხდაფეხ მისდევს ამერიკის პოლიტიკას. ასე რომ გეგმების სწორად განხორციელების შემთხვევაში, აქ საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა იყრის თავს.
სერგეი ტურჩენკოს ამ სიტყვების ასრულება კი, მართლაც არ იქნებოდა ურიგო საქმე. ახლა კი, საქართველოს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალს წარმოგიდგენთ, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის პოლკოვნიკ ანატოლი ციგანკის ინფორმაციის საფუძველზე გამოაქვეყნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები:
სახმელეთო ჯარები 5 ქვეით, 2 საარტილერიო ბრიგადას და 7 ცალკეულ ბატალიონს მოიცავს. რიცხოვნობა, 2010 წლის ბოლოსათვის, 20 548 კაცი გახლდათ. აქედან 2176 – ოფიცერი, 18 356 – სერჟანტ/კაპრალი, 16 – სამოქალაქო პირი.
საჰაერო ძალების (რომელიც გაუქმებულია და ჰაერსაწინააღმდეგო ძალებისადმია დაქვემდებარებული) და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რიცხოვნობა – 2971. აქედან 1033 –ოფიცერი, 1625 – სერჟანტ/კაპრალი, 311 – რიგითი.
ნაციონალურ გვარდიაში ირიცხება 600 სამხედრო. არის ასევე სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, რომელიც სამხედრო ძალების გაერთანებული შტაბის მეთაურობას ემორჩილება.
მონაცემები შეიარაღების შესახებ, არაზუსტი და არასრულია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინა საქართველოსათვის 25 ერთეულ БТР-80–ის, 20 – БМП-2–ის და 12 - „სმერჩის“ გადაცემას გეგმავდა. (სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, „სმერჩების“ გადმოცემის ამბავი სრული ფანტაზიაა). 152მმ–იანი თვითმავალი ჰაუბიცა 2С3 „აკაცია“; 50 ПЗРК (გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი) „იგლა“ და მისი 400 რაკეტა; 10 საბრძოლო ვერტმფრენი; 300 სნაიპერული შაშხანა; 10 ათასი АК-47; 1 ათასი РПГ -7В; 60 მილიონი ტყვია 5,45x39; 30 მილიონი ტყვია 7,62x39; 5 ათასი გასროლა РПГ-7В; ანტისატანკო ნაღმები 25 ათასი ცალი; ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები 70 ათასი; 100 ძრავი Т-55–ის ტიპის ტანკებისთვის.
ეს, ყველაზე უცნაური პუნქტია ამ ჩამონათვალში, რადგან გაუგებარია რად გვინდა იმ ტიპის ტანკის 100 ძრავი, რომელიც შეიძლება სულ რამდენიმე გვქონდეს შემორჩენილი არსენალში.
2009 წელს, საქართველომ, უკრაინისაგან მიიღო 10 ОБТ Т-72 და 3 БТР-80. ამავე წელს, დაიდო ხელშეკრულება 25 БТР-70, 20 ПЗРК „იგლას“, 40 ერთეული „სტრელას“ და „კომბატის“ მორიგი პარტიის შემოსატანად. სახელმწიფო კომპანია „უკრსპეცექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბონდარჩუკმა დაადასტურა საქართველოსათვის ЗРК (საზენიტო სარაკეტო კომპლექსი) „Оса“-ს, „Бук“–ების, ვერტმფრენების Ми-8 და Ми-24–ების გადმოცემის ფაქტი.
იზრაელმა განახორციელა 100 მილიონი დოლარის ღირებულების მოდერნიზაციის პროგრამა 165 ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-72–დან Т-72-SIM-1–მდე. ასევე, საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალებმა შუკვეთეს 400 მილიონი დოლარის ღირებულების 40 უპილოტო საფრენი აპარატი „ჰერმეს-450“. ამავე წელს, ბულგარეთის სამხედრო ძალებმა, საქართველოს სამხედრო ძალებს გადასცა 12 ერთეული 122მმ–იანი РСЗО (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა) RM-70; 12 ერთეული 122მმ–იანი საველე საარტილერიო დანადგარი Д-20. ალბათ დ-30-ს გულისხმობენ.
თურქეთმა საქართველოს გადასცა 70 БТР „ეჯდერი“; 100 ბრონირებული მანქანა „კობრა“, სანაპირო დაცვის საპატრულო კატერი.
აშშ–მ განალაგა ЗРК „პეტრიოტი“; ПЗРК „სტინგერი“; „იგლა-3“; „ჯაველინი“ და „ჰელფაირი-2“. Игла-3-ის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი მათგანის არსებობა არ დასტურდება. ამ ჩამონათვალში განსაკუთრებულ ყურადღებას „პეტრიოტების“ განლაგება იმსახურებს, რითაც ამერიკა საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულიად დაიცავდა.
დაახლოებით 2 წლის წინ, ორ ქვეყანას შორის, დაიდო ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლითაც აშშ-მ საქართველოს არმიის მოდერნიზაციისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ვალდებულება აიღო.
2009 წლის აგვისტოში ამერიკის სამხედრო ინსტრუქტორებმა საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების გადამზადების ექვსთვიანი პროგრამა დაიწყეს, ეს სამხედრო მოსამსახურეები 2010 წლის გაზაფხულზე ავღანეთში გაიგზავნენ. ქართული შინაგანი ძალების როტაცია ავღანეთში მშვენიერი მიზეზია, რომლის საშუალებითაც, უკანონო გზით, ამერიკული შეირაღების ქართული მხარისათვის გადაცემა ხდება, ეს თვითმფრინავები არავის მიერ არ კონტროლდება.
საინტერესოა, რატომ არის ვალდებული ამერიკა ან, საქართველო დეტალური ანგარიში ჩააბაროს საკუთარი სამხედრო თუ სამოქალაქო ტვირთების შესახებ რუსეთს, თანაც იმის ფონზე, თუ რა რაოდენობით შეირაღება და მძიმე ტექნიკა შეაქვს ერთ თუ მეორე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავად რუსეთს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები
რიცხოვნობა - 2500, რეზერვისტები - 15 000; შეიარაღება: 87 ტანკი,95 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი (აქედან, 72 ჰაუბიცა); 23 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ – 21 „გრადი“; 180 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის 80 ქვეითთა საბრძოლო მანქანა; 4 ვერტმფრენი Ми-8.
აქ, ხაზი უნდა გაესვას ერთ საკითხს, რომელშიც სავარაუდოდ, შუესაბამობაა. თუ ჯავშანტექნიკის რაოდენობა შეესაბამება სიმართლეს, მაშინ გამოდის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიას ჰყავს არანაკლებ 260 ერთეული ჯავშანტექნიკა, რომლის მხოლოდ ეკიპაჟის საერთო რაოდენობა არანაკლებ 600 კაცს უნდა შეადგენდეს. ამას დამატებული კიდევ 120 ერთეულამდე საარტილერიო დანადგარი. თუ ვიგულისხმებთ, რომ საარტილერიო ბატარეაში არის 6 დანადგარი და 100 კაციანი შემადგენლობა, გამოდის, რომ ოსებს 20 საარტილერიო ბატარეა და 2000 არტილერისტი ჰყოლიათ. ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ, მძიმე ტექნიკის რაოდენობის მიხედვით, ამ ტექნიკის მომსახურე პერსონალი სულ მცირე 2600 კაცია, ეს მაშინ, როდესაც ოსეთის არმიის ძირითადი შემადგენლობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოფიციალური მონაცემებით, სულ, 2500 სამხედროს წარმოადგენს.
რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2 პუნქტად არის განლაგებული. რომლებიც ერთმანეთისგან 15-20 კილომეტრით არიან დაშორებულნი. პირადი შემადგენლობა 3800 ადამიანია, რომელიც ფაქტობრივად ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის 693 მოტომსროლელ ბრიგადას წარმოადგენს.
აფხაზეთის შეიარაღებული ძალები
აფხაზეთის სამხედრო ძალები ორგანიზაციულად სამ ჯგუფად არის წარმოდგენილი. რიცხოვნობა, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 4500-დან 10 000 სამხედრომდე მერყეობს; რეზერვი - 28 000 კაცი. შეიარაღება: 60 ტანკი (ძირითადად Т-72); დაახლოებით 85 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი, მათ შორის 172მმ-იანი ჰაუბიცები და САУ; 116 ერთეული ჯავშანსატანკო ტექნიკა. სამხედრო საჰაერო ძალებში ირიცხება 2 ერთეული Су-27, ერთი Миг-23, ხუთი Су-25, სამი L- 39, ერთი Ан-2, ერთი Як-52; ვერტმფრენები Ми-8т და Ми -2.
საზღვაო სამხედრო ძალები სამი - სოხუმის, ოჩამჩირის, ბიჭვინთის დივიზიონებისგან შეგდება. აღჭურვილია 21 კატერით „გრიფი“. საზღვაო ქვეით ბრიგადაში ირიცხება 12 ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა და საბრძოლო მანქანა, ერთი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ -21 „გრადი“. სანაპირო დაცვის დივიზიონში შედის 27 - 100მმ-იანი ქვემეხი.
რუსული სამხედრო ბაზა აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში, 3800 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. მის შემადგენლობაში შედის სპეციალური სამთო დანაყოფიც.
სამწუხაროდ, რუსული ბაზის შესახებ, ინფორმაცია არ არის მოყვანილი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ რუსებს სერიოზული მძიმე ტექნიკა აქვთ მობილიზებული. მაგ: სმერჩები, მსტა-ს-ები, Т-90-ები და ა.შ.