ჩაქაფულის ძველი კახური რეცეპტი
13:01:18     13-04-2017
ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ) გარეცხავთ, ძვლიანად დაჭრით (არ მსხვილ, უფრო საშუალო) ნაჭრებად და ჩადებთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, იმასაც - წვრილად დაჭრილს. დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ საკუთარ წყალში.
გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხამთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება, დაასხით ისევ ღვინო. დააყარეთ ერთი ფენა ნახევარგოლებად დაჭრილი ხახვი.პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და სულ ცოტა ნიახური. დაუმატეთ ბლომად ახალი ხახვი, გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მომზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ერთ ფენად.
დაუმატეთ ახალი ტყემალი (დაკონსერვებულიც შესაძლებელია) გემოზე. ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.
ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს. დაახურეთ ხუფი და ხარშეთ. ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო. ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა. მიირთვით ცხლად. დასაწყისში მარილის დაყრა არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს არომატისთვის. პროპორციები - გემოზე.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წარაფების რქაწითელი.