ტაილანდ-კამბოჯას ომი ისტორიული ძეგლებისთვის

  10:42:01     02-05-2011

დროებითი შესვენების შემდეგ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა. ორი ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლა მთელი ღამის განმავლობაში, განთიადამდე მიმდინარეობდა. ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” იტყობინება. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ტაილანდსა და კამბოჯას შორის კონფლიქტი 22 აპრილს, სადავო ტერიტორიების გამო დაიწყო. ამ დრომდე დაიღუპა 16 ადამიანი, 100 ათასმა მცხოვრებმა კი საშიში ზონა დატოვა და ლტოლვილად იქცა.

 

ტაილანდსა და კამბოჯას შორის ლოკალური სამხედრო კონფლიქტების სერია 2008 წელს, სამონასტრო კომპლექსის ფრეა ვიჰეას გამო დაიწყო, რომელიც ამ ქვეყნების სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. ეს კომპლექსი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, გაჩნდა ახალი პრეტენზიები სხვა არქიტექტურული ძეგლების მიმართ, რომლებიც ასევე ორი სახელმწიფოს საზღვარზეა განთავსებული.

 

ამასობაში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად, მხარეებმა ერთერთი ტაძარი დააზიანეს. ტაილანდელმა და კამბოჯელმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენჯერმე დადეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს შეთანხმებები დაარღვიეს.